ვაკო გვილიას პასებმა „ლეგიას“ ვერ უშველა

პოლონეთის ჩემპიონატის მეათე ტურში ვაკო გვილიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა, მაგრამ ვარშავის „ლეგიას“ ვერ დაეხმარა და მისი გუნდი დამარცხდა.

ვარშავაში გდანსკის „ლეხიასთან“ გამართულ შეხვედრაში ვარშაველები მე-12 წუთზე მათეუშ ვიეტესკამ დაააწინაურა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის მიერ შესრულებული კუთხურის შემდეგ ანგარიში გახსნა 1:0. „ლეხიამ“ წონასწორობა 38-ე წუთზე აღადგინა. 52-ე წუთზე კი გდანსკელებმა გადამწყვეტი გოლი გაიტანეს და 1:2 გაიმარჯვეს.

„ლეგიას“ 3 ქულის მოპოვებაც შეეძლო, გვილიას შექმნილი ყველა მომენტით რომ ესარგებლა. მაგალითად, 41-ე წუთზე, ქართველმა ნახევარმცველმა მეკარესთან პირისპირ თავდამსხმელი დომინიკ ნაგი დატოვა, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა. მე-60 წუთზე კი მორიგი კუთხურიდან ბურთი თავზე ისევ მათეუშ ვიეტესკას დაასვა – ამჯერად, „ლეხია“ ძელმა იხსნა.

10 ტურის შემდეგ, „ლეგია“ 17 ქულით მეოთხე ადგილზე დაქვეითდა, ხოლო „ლეხია“ (19 ქულა) მოგებამ პირველ ადგილზე დააწინაურა.