ვაკო გვილიამ „დინამო თბილისი“ დატოვა - გუნდი სხვა ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა #1TVSPORT
ვაკო გვილიამ „დინამო თბილისი“ დატოვა - გუნდი სხვა ფეხბურთელებსაც დაემშვიდობა #1TVSPORT

„დინამო თბილისი“ ახალი წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა და 2026 წელს დიღმის ბაზაზე შეცვლილი შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

შეკრებაზე გამოცხადნენ გამოცდილი ფეხბურთელები – გიორგი ლორია, ჯაბა კანკავა, მათე ვაწაძე, ნიკა ნინუა, გიორგი ხარაიშვილი, ასევე საბა ხარებაშვილი, რომლის შესაძლო ტრანსფერზეც ინფორმაციები ვრცელდება. ასევე ცნობილი იყო, რომ თავდამსხმელმა თორნიკე მორჩილაძემ გუნდი დატოვა და ხორვატიის ჩემპიონ „რიეკასთან“ კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე ერთწლიანი იჯარით წყალტუბოს „სამგურალს“ შეუერთდა.

ცნობილი გახდა სხვა სიახლეებიც – „დინამო“ ახალი სეზონის დაწყებამდე 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა. მათგან უმრავლესობა ლეგიონერია. თბილისელთა რიგები დატოვეს მოლდოველმა გოლკიპერმა, სტეფან სიკაჩმა, ბრაზილიელმა მცველმა, ლეო ასუნსეუმ და შემტევმა ადრიან როდრიგესმა, უკრაინელმა მცველმა, ბოგდან პოტალოვმა და სენეგალელმა ნახევარმცველმა, ონორე გომისმა.

რაც შეეხება ქართველებს – სხვაგან ითამაშებენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფორვარდები – გიორგი ლომთაძე და ვასილიოს გორდეზიანი, ასევე საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ვაკო გვილია.

ლადო კაკაშვილის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს და უახლოეს მომავალში „დინამო“ ახალწვეულების წარდგენას აპირებს. თებერვალში დედაქალაქელები თურქულ შეკრებას გეგმავენ, თვის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის საიუბილეო გათამაშება დაიწყება.