ვაკო გვილია - ბედნიერები ვართ, გუნდის მიზანი ჩემპიონობა იყო და ჩვენ ეს შევძელით
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ჩართვისას, ვაკო გვილიამ პოლონეთის დასრულებულ ჩემპიონატზე ილაპარაკა, სადაც მისი გუნდი, ვარშავის „ლეგია“, ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
„ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან გუნდის ყველაზე მთავარი მიზანი ჩემპიონობა იყო და ჩვენ ეს შევძელით. რაც შეეხება „ლეგიაში“ დამკვიდრებულ ტრადიციას, ეს ლამაზი ისტორიაა და გოლის, ჩემპიონობის და სხვა მნიშვნელოვანი ამბავის სიმღერით და ცეკვით აღნიშვნას ითვალისწინებს. ჩემი მეორე გოლით, შეიძლება ითქვას, ჩემპიონობასთან დაკავშირებით შეკითხვას წერტილი დავუსვი და სპონტანურად ვიცეკვე. (იცინის) რა თქმა უნდა, ცეკვა ცოტა დასახვეწი მაქვს, მაგრამ მაგას ეშველება“ – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ ნაკრების ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის შეხვედრაში ვარშავის „ლეგიამ“ საკუთარ მოედანზე „კრაკოვია“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა. გვილიამ 75-ე წუთზე კრაკოველთა კარი ზუსტი დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ლეგიას“ სასარგებლოდ.