ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ 17-დან რვა საჩივარი დააკმაყოფილა
ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიამ 17-დან რვა საჩივარი დააკმაყოფილა

ვაკის ნომერ მეორე საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრების განხილვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. საჩივრებს შორის იყო საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების საჩივრები.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საჩივრები ეხებოდა პროცედურულ საკითხებს, მათ შორის იმას, რომ შემაჯამებელ ოქმზე კომისიის თავმჯდომარის მიერ ბეჭედი არ იყო დარტყმული, ასევე საჩივრების ნაწილი ეხებოდა ტექნიკური საკითხების რამდენიმე წუთის დაგვიანებით შესრულებას. მათ შორის ერთ-ერთი საჩივარი ეხებოდა იმას, რომ უბანზე არასათანადო განათება იყო და ამის გამო რეგისტრატორებს უკეთესი მხედველობისთვის სათვალეები ეკეთათ, ეს საჩივარი კომისიამ დისკრიმინაციულად შეაფასა.

საოლქო კომისიამ რამდენიმე საჩივრის დაკმაყოფილებით ვაკის რამდენიმე უბნის თავმჯდომარეებს გაფრთხილება გამოუცხადა.

კომისიამ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის საჩივარი, რომელიც ეხებოდა მე-14 უბანზე ვადაგასული პირადობის მოწმობით ხმის მიცემას.