ვაკის საოლქო კომისიასთან, დაპირისპირების შედეგად, ოთხი პირი დააკავეს [ფოტო/ვიდეო]

სხვადასხვა საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებები დღესაც გრძელდება.

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს საჩივრების განხილვა ვაკის მეორე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წევრების ნაწილმა განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი განცხადებით, სარჩელების განხილვა ფორმალურად მიმდინარეობს.

საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი. ცოტა ხნის წინ, დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან ოთხი პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა გაიყვანეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ხმაური იყო მთაწმინდის, ისნისა და სამგორის საოლქო კომისიებთან, ასევე ქუთაისის საოლქო კომისიასთან.