ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ნალექით გამოწვეულ პრობლემებზე მოხდა მყისიერი რეაგირება და პრობლემების აღმოსაფხვრელად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა
ვაკის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ნალექით გამოწვეულ პრობლემებზე მოხდა მყისიერი რეაგირება და პრობლემების აღმოსაფხვრელად 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა

ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის, ბიძინა ჩიკვილაძის განცხადებით, თბილისში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა.

მისი თქმით, ვაკის რაიონში სამ მისამართზე ჩამოიშალა კედელი, ერთ მისამართზე კი მოხდა ფერდის ჩამოშლა.

„ჩვენი მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება. ერთგან მოეწყო დროებითი ღობე. სადაც აუცილებლობა იყო, მოსახლეობას შევთავაზეთ ბინის ქირით უზრუნველყოფა, ასევე საშენი მასალით დაფინანსება. სადაც ამის საშუალებაა, აუცილებლად მოეწყობა ახალი კედლები. პრობლემები შექმნა ხეების წაქცევამაც. იყო ბევრი შემთხვევა, თუმცა ჩვენი კონტრაქტორები და თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში მზად არიან, დახმარება გაუწიონ ყველა მოსახლეს. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც პარასკევიდან მოყოლებული 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ასევე, მადლობა ჩვენს კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებიც დღისით და ღამით ახდენენ ამ პრობლემების ლიკვიდაციას. კედელი ჩამოიშალა კეკელიძის ცხრაში, რომელ მისამართზეც უკვე მოხდა ოჯახის ქირით უზრუნველყოფა, ქირით კომპენსაცია შეთავაზებული გვაქვს ასევე სხვა მოსახლეებისთვისაც. მარგიანის 18ა-ში უკვე მოეწყო დროებითი ღობე. დროებითი ღობე მოეწყო ასევე წყნეთის გზატკეცილზე, სადაც მოხდა ფერდის ჩამოშლა“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილემ, ბიძინა ჩიკვილაძემ.