ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება
ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება

ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვაკის პარკმა გაიმარჯვა.  მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს,  აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის.

მისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით, რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა. მაშინდელი მერი სხვა გადასახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის საზიანო ნებართვებს გასცემდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით, იმ პრობლემების მოგვარება მოხდება, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს.

„კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი მხარდაჭერაა, რასაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგრძნობთ და რისთვისაც მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ, რომელიც დღეს ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.