ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი იკითხება.
როგორც გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვაკის პარკში შადრევნის ჩაბარება ექსპერტიზის საფუძველზე მოხდა.
მისივე თქმით, შადრევანი რამდენჯერმე გაიტესტა და ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
„გამოკითხვაზე ვარ დაბარებული პოლიციაში. აღნიშნული შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო რამდენჯერმე. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ, ექსპერტიზა კი აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს. არავინ იცის, რამ გამოიწვია. ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ყველაფერი ჩაბარებულია ექსპერტიზის საფუძველზე“, – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.
ამასთან, ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანია „გრინსერვისის“ წარმომადგენლებიც, რადგან ამ კომპანიის ჩაატარა ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები.
არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ორი მათგანი ხეჩინაშვილის, ერთი კი, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.