ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლების გამოკითხვა დასრულდა
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია „ელემსის“ წარმომადგენლების გამოკითხვა დასრულდა. პროექტის მთავარი არქიტექტორი და შპს „ელემსის“ დირექტორი გამოძიების შეკითხვებს დაახლოებით შვიდი საათის განმავლობაში პასუხობდნენ.
ადვოკატის განმარტებით, ვაკის პარკში შადრევნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის პროექტირება აღნიშნულმა კომპანიამ შეასრულა. მისი თქმით, გამოძიებას გადასცეს სრული საპროექტო დოკუმენტაცია, სადაც ყველა უსაფრთხოების სტანდარტი უმაღლეს დონეზე იყო დაცული.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა პირველ რიგში მიაწოდეს სრული საპროექტო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია. აღნიშნულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა. მიცემული იქნა ამომწურავი ინფორმაცია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ რომ შპს „ელემსის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია პასუხობს ყველაზე მაღალ სტანდარტებს. ვინ არის მართალი, უნდა გაარკვიოს მიუკერძოებელმა მაღალპროფესიულმა საექსპერტო ორგანიზაციამ. ბევრი საკითხია გასარკვევი. მაგალითად, რამდენად ვარგისიანი იყო პროექტანტის წარდგენილი საექსპერტო დოკუმენტაცია და რამდენად შეესაბამებოდა შესრულებული სამუშაოები დოკუმენტაციას. ასევე, ხომ არ მომხდარა საპროექტო დოკუმენტაციაში რაიმე ცვლილებების, კორექტირების შეტანა. ეს უნდა გაირკვეს ზედმიწევნით და მერე იქნება შესაძლებელი გამოკვეთა, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხია მომხდარ ტრაგედიაში. უსაფრთხოების კუთხით პროექტში იყო ჩადებული ევროპული სტანდარტი, ბოლო სტანდარტი. ამაზე ზემოთ უსაფრთხოების სტანდარტი არ არსებობს. პროექტში ეს იყო. რამდენად შესრულდა, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. ამისთვის უნდა დაჯდეს კომპეტენტური პირი და დეტალურად უნდა შეისწავლოს წარმოებული სამუშაოები, ხომ არ მომხდარა ჩვენი კომპანიის მიერ წარდგენილი პროექტის კორექტირება“, – განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომპანიას ვალდებულება, გაცნობოდა შემდგომში შესრულებულ სამუშაოებს, ზაზა ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე მათთვის მერიას არ მიუმართავს.
„მაგას არეგულირებს თვითონ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულება გვავალდებულებდა, საჭიროების შემთხვევაში განგვეხორციელებინა საავტორო ზედამხედველობა. საავტორო ზედამხედველობა, როგორც წესი, მოქმედებს მხოლოდ პროექტის გარეგნულ მხარეზე, არქიტექტურულ ნაწილზე. რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენი და „გრინსერვისის“ დამკვეთიც იყო თბილისის მერია. თავისი შეხედულებისამებრ მერიას შეეძლო, მოემართა ჩვენთვის, რომ აღმოჩენილია ხარვეზი ან მაგალითად სამშენებლო კომპანიამ შემოგვთავაზა პროექტის გადაწყვეტის ალტერნატიული გზა, ეთანხმებით თუ არა ამას, მაგრამ მერიას არ მოუმართავს, არც ერთ ეტაპზე, კორექტირებასთან დაკავშირებითაც კი არავის მოუმართავს. მერიის საშუალებით უნდა მომხდარიყო კომუნიკაცია, „გრინსერვისსა“ და „ელემსის“ შორის პირდაპირი კომუნიკაცია გამორიცხულია. მერიას ერთი წერილითაც კი არ მოუმართავს, ამიტომ ზედამხედველობის აუცილებლობა არ დამდგარა“, – აღნიშნა ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ.
მისი თქმით, გამოძიების კითხვები ეხებოდა ელექტრომომარაგების უსაფრთხოების ნორმებს.
„შადრევნის საავტორო უფლება არის დაცული. ვიზუალური მხარის პროექტირება არ განხორციელებულა. რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, წყალმომარაგებას, უსაფრთხოებას, საპროექტო დოკუმენტაციით ბოლო სტანდარტით არის შესრულებული. რა მოხდა რეალურად, რატომ მოხდა, ჯერჯერობით დაუდგენელია. ამას გამოძიების შემდეგი მსვლელობა დაადგენს“, – განაცხადა ადვოკატმა ზაზა ნაჭყებიამ.