ვაკის პარკში ხორავას ქუჩაზე მოკლულების ოჯახების სოლიდარობის აქცია გაიმართება
ვაკის პარკში ხორავას ქუჩაზე მოკლულების ოჯახების სოლიდარობის აქცია გაიმართება

ვაკის პარკში აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ გაიმართება. აქცია 15:00 საათზე არის დაგეგმილი და ის ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად იმართება.

ამასთან, სოციალურ ქსელებში დაგეგმილ აქციასთან ერთად, 15:00 საათისთვის აქციას გეგმავს სტუდენტების ნაწილიც, რომელიც პარლამენტთან გუშინ მიმდინარე აქციას გაემიჯნა.

სტუდენტები გუშინ სიმბოლურად იმ სკოლასთან შეიკრიბნენ, სადაც გარდაცვლილი მოზარდები სწავლობნენ. მათ 51-ე საჯარო სკოლიდან ისაუბრეს საკუთარი მოთხოვნების შესახებ. კერძოდ ისინი ამბობენ, რომ მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს და იზიარებენ მის მოთხოვნას ყველა დამნაშავის დასჯასა და სისტემური დამნაშავეების გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ემიჯნებიან პოლიტიკური პარტიების მცდელობებს, ოჯახური ტრაგედიის პირადი ინტერესებისთვის გამოყენების თაობაზე.

სტუდენტებისთვის მიუღებელია ის, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის პოლიტიკურად ანგაჟირებული პირებიც გამოდიან.

პარლამენტთან აქცია 18:00 საათზე იგეგმება. გვიან ღამით რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია დააანონსეს. პარლამენტთან საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, რომელზეც ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.