ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მრევლია შეკრებილი

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მრევლია შეკრებილი.

მოქალაქეები მამა შალვა კეკელიასა და სხვა სასულიერო პირებს მხარდაჭერას უცხადებენ. მრევლმა შეკრება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გუშინ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მსვლელობისას აქციის მონაწილეები ტაძართან მივიდნენ და სასულიერო პირებთან შელაპარაკება მოხდა.

როგორც მამა შალვა კეკელიამ განაცხადა, ეკლესია მხარე ვერასდროს ვერ იქნება.

„ჩვენთვის ყველანი ჩვენი შვილები არიან და ეკლესია არ ყოფს – ამ მხარეს და იმ მხარეს. ყველანი ჩვენები არიან. პირადად ჩემი დამოკიდებულება ისეთია, რომ არ შეიძლება ადამიანებს სიძულვილის ენა ჰქონდეთ და ერთმანეთს განსხვავებული აზრის გამო უპირისპირდებოდნენ. რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, ადამიანები ერთმანეთს არ ინდობენ იმის გამო, რომ ადამიანს სხვა აზრი აქვს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ადამიანის განსხვავებულ აზრს პატივი უნდა ვცეთ, ეთანხმები მას თუ არა“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.