ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ვახუშტის ხიდის აღდგენის სამუშაოების ხანგრძლივობა, ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდა.

„როდესაც კვლევები ჩატარდა, ვახუშტის ხიდი პრიორიტეტებში იყო თავისი ავარიულობიდან გამომდინარე. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს. დარჩენილია გზის დახაზვითი სამუშაოები, რომელიც ათ დღეში დაიწყება.

კოჭები, რაზეც დგას ხიდი, მთლიანად შეიცვალა. სადენები, რომელიც ჰაერში იყო გამოკიდებული, მიწის ქვემოთ ჩავიტანეთ და ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. გაკეთდა ახალი განათების ბოძები ლედნათურებით. მოწესრიგდა უსაფრთხოების კუნძულები და გამწვანება. ზოგადად, ასე გვინდა მოვაწესრიგოთ მთელი ქალაქი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორი წლის განმავლობაში ხიდის მდგრადობას მონიტორინგს გაუწევს ერთ-ერთი ევროპული კომპანია.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „კავკასუს როუდ პროჯექტი“ განახორციელა და მასზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 633 800 ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეული სქემით იმოძრავებს: N51 ავტობუსი და მიკროავტობუსები – N10, N30, N66, N88, N89, N100, N169, N171, N 195 და N202 წერეთლის გამზირს გმირთა მოედნის გავლის ნაცვლად, ვახუშტის ხიდით უკავშირდებიან.