ვახუშტი მენაბდე - სოფო ვერძეულს ზოგი ამუნათებს და ზოგი დანანებით იხოცავს კურცხალს, თუ არ ეთანმხები ანალიზში, დაასაბუთე
ვახუშტი მენაბდე - სოფო ვერძეულს ზოგი ამუნათებს და ზოგი დანანებით იხოცავს კურცხალს, თუ არ ეთანმხები ანალიზში, დაასაბუთე

„იემსის“ წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფეისბუქპოსტზე რეაქციებთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, სოფო ვერძეულს ზოგი ამუნათებს და ზოგი დანანებით იხოცავს კურცხალს. „თუ არ ეთანმხები ანალიზში, დაასაბუთე“, – მიმართავს ის საზოგადოებას.

„სოფო არასდროს მიდის კომპრომისზე სამართლიანობასთან. ის ქვეყანაში ერთ-ერთ ერთი საუკეთესო ექსპერტია საპოლიციო სამართლის და ადამიანის უფლებების. მან პოსტი დაწერა 20 ივნისის ტრაგიკული ღამის შესახებ. სადაც ამბობს, რომ მაშინდელ მოვლენებში უნდა გამოიკვეთოს ოპოზიციის პასუხისმგებლობაც (ამავდროულად სოფო მხარს უჭერს გახარიას გადადგომის მოთხოვნას). გასათვალისწინებელია, რომ EMC-მ უკვე შეისწავლა ეს ფაქტები და პირველადი შეფასებაც გამოაქვეყნა. მისი სიტყვების უკან ჩატარებული ანალიტიკური სამუშაო დგას.

მე, ამ ეტაპზე, არ შემიძლია სოფოს პოზიციის შეფასება შინაარსობირვად ასე საჯაროდ, რადგან საია ამ შემთხვევაზე ანგარიშს ამზადებს და წინასწარ არ ვისაუბრებ. უბრალოდ ხაზი იმ რეაქციას მინდა გავუსვა რაც სოფოს ამ მოსაზრებას მოყვა ადამიანების ნაწილის მხრიდან. ზოგიერთმა მათგანმა ის პირდაპირ, ზოგიერთმა კი ირიბად სახელისუფლებო ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა, ეს ხან მის პირად სიმპატიებს, ხან კიდე გულუბყვილობას დაუკავშირა. ზოგი ამუნათებს და ზოგი დანანებით იხოცავს კურცხალს.

ხოდა არ ეთანმხები ანალიზში? დაასაბუთე. ფაქტებს სხვა ინტერპრეტაციას უკეთებ? დადე და ვიმსჯელოთ. (ნაწილი ასეც იქცევა). მაგრამ ამას სჭირდება ძალისხმევა, შესწავლა და მუშაობა. სამაგიეროდ ადვილია კლიშეების მიწებება. ეს შანტაჟი, რომელიც სოფოსგან მოითხოვს, მხოლოდ სახელმწიფოს დანაშაულზე ილაპარაკოს და სხვები გამორიცხოს, საბოლოოდ იქამდე მივა რომ ყველას ვინც ხელისუფლებას დაკარგავს ამ დაკარგვის შემდეგ პოლიტიკურ პასუხს არავინ მოსთხოვს, მათ შორის არც გახარიას.

მახსოვს 26 მაისის ანგარიში როცა გამოვაქვეყნეთ საიაში ყველა ჩვენს წინააღდეგ იყო, რადგან ანგარიშში ეწერა, რომ დემოსტრანტთა ნაწილი ძალადობრივად მოქმედებდა და ისინი მანიფესტაციის უფლებით არ სარგებლობდნენ. რამდენიმე წლის მერე ეს ანგარიში ამ საქმეზე მთავარ ანალიტიკურ დოკუმენტად იქცა და საბრალდებო დასკვნის ნაწილი ამ ანგარიშის კონსპექტი იყო.

შანტაჟის ეს სახე ყველას გაჩუმებას ისახავს მიზნად, ყოველგვარ რეფლექსიაზეუარის თქმისკენ მოგვიწოდებს“, – წერს ვახუშტი მენაბდე.

​„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) დემოკრატიისა და მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორმა, სოფო ვერძეულმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აქცია დაახლოებით 22:00 საათიდან გახდა ძალადობრივი და პოლიტიკოსების ნაწილის როლი იყო სამარცხვინო.