ვახუშტი მენაბდე - კანდიდატთა უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს
ვახუშტი მენაბდე - კანდიდატთა უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს გამოეხმაურა.

მენაბდის თქმით, პროცესმა, რომელიც ქართული დემოკრატიისთვის თავისი გამჭვირვალობის ხარისხით ახალია, აჩვენა, რომ წარმოდგენილი კანდიდატების  უმრავლესობა მოთხოვნილ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„წარმოდგენილი კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსი მოითხოვს. ეს შედეგიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საზოგადოებისთვის უკვე ცხადი გახდა იმ კანდიდატების შესაძლებლობები, შეხედულებები და ხედვები, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა პარლამენტში. საზოგადოებას ძალიან კარგად შეუძლია წარმოიდგინოს, როგორ გადაწყვეტილებებს იღებს, როგორ კანდიდატებს არჩევს და როგორ მოსამართლეებს ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როდესაც ასეთი მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტებით არ შუქდება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. ჩვენ ამ პროცესით ვაჩვენეთ, რომ სასამართლო სისტემა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეს იქნება მანამ, სანამ კლანი, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში აკონტროლებს მართლმსაჯულების სისტემას. ფავორიტები ჩვენი საქმე არ არის. პარლამენტმა უნდა თქვას, გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისთვის მისაღები კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი  კენჭისყრებია, რომლებიც მალე დაიწყება და საბოლოოდ გვაჩვენებს, რა მიმართებაა კლანსა და სახელისუფლებო გუნდს შორის. მათ შორის რა ტიპის შეთანხმებაა და ეს შეთანხმება რას უქადის ქართულ მართლმსაჯულებას და ქართველ მოსახლეობას, რომელსაც აქვს უფლება, ჰქონდეს მიუკერძოებელი სასამართლო, რომელიც მოემსახურება ხალხს და არა კლანებისა და ელიტების ინტერესებს“,- განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის მსურველების მოსმენა დღეს სრულდება. დეპუტატები 20-კაციანი სიიდან ბოლო კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, გოჩა ჯეირანაშვილს უსმენენ.

როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.