ვახუშტი მენაბდე - დამოუკიდებელი პოლიტიკოსები სისტემისთვის საზიანოა, ინდივიდუალური მგლების ადგილი პოლიტიკაში არ არის
ვახუშტი მენაბდე - დამოუკიდებელი პოლიტიკოსები სისტემისთვის საზიანოა, ინდივიდუალური მგლების ადგილი პოლიტიკაში არ არის

დამოუკიდებელი პოლიტიკოსები პოლიტიკური სისტემისთვის საზიანოა და ინდივიდუალური მგლების ადგილი პოლიტიკაში არ არის, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ვახუშტი მენაბდემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პოლიტიკური პარტიები იმისთვის გამოიგონა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა მეცნიერებებმა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა წარმოადგინონ საზოგადოების ინტერესები. ინდივიდუალური მგლების ადგილი პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა მენაბდემ.

ამ განცხადებით კონსტიტუციონალისტმა გადაცემაში სტუმრად მყოფი პარლამენტის ყოფილი წევრის, ხათუნა ხოფერიას შეკითხვას უპასუხა, რატომ არ უნდა იყვნენ ქვეყანაში დამოუკიდებელი პოლიტიკოსები, რის საშუალებასაც სრულად პროპორციული სისტემა არ იძლევა. 

როგორც მენაბდემ აღნიშნა, მაგალითად, ნიდერლანდების საარჩევნო სისტემა აშშ-ში მოქმედზე უფრო დემოკრატიულია.

„როდესაც აშშ-მა მაჟორიტარული სისტემა აირჩია და ეს არჩევანი გააკეთა, შემორჩენილია მასალები, თუ რატომ გააკეთა ეს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ამერიკის დამფუძნებელ მამებს უნდოდათ, ყოფილიყო ისეთი სისტემა, სადაც მხოლოდ ორ ელიტურ ჯგუფს შეეძლებოდა პოლიტიკაში ყოფნა, ხოლო ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა მათ შორის, ვისაც ეს ორი ელიტური ჯგუფი შესთავაზებდა. ეს იყო მათი არჩევანი და ისინი ამას მაშინდელი საკუთარი გამოწვევებითა და მდგომარეობით ხსნიდნენ, რომ ასეთი არჩევანი სჭირდებოდათ. მე არ მგონია, რომ ჩვენ ასეთი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. ჩვენი გამოწვევები არის ის, რომ ველი პოლარიზებულია – ორი პარტია რომ არის, მეტი რომ არ არის, მთელი ქვეყანა რომ ამ ორი პოლიტიკური ჯგუფის კინკლაობას გადაჰყვა და პოლიტიკა საერთოდ იკარგება“, – განაცხადა მენაბდემ.

როგორც კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, არსებობენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, მაგრამ საქართველოს ისეთი საარჩევნო და ინსტიტუციური სისტემა აქვს, რომ მათ პოლიტიკაში სრულფასოვნად ჩართვის შანსი არ ეძლევათ.

მაჟორიტარიზმი რა არის – შენ უნდა მოიპოვო 50%-ს პლუს ერთი მხარდაჭერა, რასაც ძალიან დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება. ამის შესაძლებლობა მარტო ძლიერებს აქვთ, ხოლო შედარებით სუსტ ჯგუფებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ“, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.