ვახტანგ შაქარიშვილი - პოლიტიკა იქნება, თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველთვის არის ზნეობა და მორალი
ვახტანგ შაქარიშვილი - პოლიტიკა იქნება, თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველთვის არის ზნეობა და მორალი

მარადიული ღირებულებები, რომელიც კაცის მხრიდან ქალის პატივისცემას გულისხმობს, ჩემთვის ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე გენდერული ბალანსი თუ ის ფსევდო თანასწორობის დაზეპირებული „ღირებულებები“, რომლებიც ენჯეოების წიაღში საგრანტო პროგრამებით ისწავლება,- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას.

ვახტანგ შაქარიშვილი სახალხო დამცველის განცხადებას ვრცელ სტატუსს უძღვნის და აცხადებს, რომ მისთვის მთავარი ზნეობა და მორალია.

„პოლიტიკა იქნება ეს თუ ყოველდღიური ცხოვრება, ჩემთვის საწყისი ყოველვის არის ზნეობა და მორალი.  ის, რომ მე ელენე ხოშტარიას, როგორც ქალს ბოდიში მოვუხადე, მიუხედავად იმისა რომ ის არ ყოფილა ჩემი სიტყვების ადრესატი, გამომდინარეობს სწორედ ქალის პატივისცემის ცოცხალი და მარადიული პრინციპისგან და არა თანასწორობისა თუ გენდერული ბალანსის დაცვის ყალბი და უსულო სტანდარტებისგან.  ეს იყო ისეთივე ბუნებრივი რეაქცია, როგორიც მე ადეიშვილის ხელისბიჭის, ერთი პროვოკატორი და ხელმოცარული პოლიტიკოსის ქმედებებზე მქონდა“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

შაქარიშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ სახალხო დამცველის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში აქცენტი იმაზე კი არ არის გაკეთებული, რომ ზოგადად ამგვარი შეურაცხმყოფელი გამონათქვამებია მიუღებელი, არამედ იმაზე, რომ, ამ გამონათქვამში ზოგადად ქალის კონკრეტული მდგომარეობაა დისკრიმინაციულად მოხსენიებული.

„პრიორიტეტების ძალიან საინტერესო დალაგებაა,“- აცხადებს დეპუტატი.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია კრიტიკულად შეაფასა საკრებულოს წევრის ვახტანგ შაქარიშვილის რეპლიკა – „რა არის ეს? ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, რომლითაც მან საჯარო განხილვაში მონაწილე პირებს მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა.