ვახტანგ შაქარიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა
ვახტანგ შაქარიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომა ურთიერთბრალდებებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

ხმაურის მიზეზი Freedom House-ის ანგარიშის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებები გახდა.

როგორც სხდომაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ისე გამოსდის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანების უფლებების დაცვაზე რომ დაიწყოს მუშაობა.

”ნაციონალური მოძრაობის წევრების და სააკაშვილის სულიერი შვილების მხრიდან დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლებაზე და სხვა ღირებულებებზე საუბარი ისეთივე პარადოქსულია, როგორც ის, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ადამიანის უფლებებზე ისაუბროს და ამ სფეროში დაიწყოს საქმიანობა. უნდა ითქვას, რომ Freedom House -ის ანგარიში არის „მეორე საქართველოს“ შექმნის კიდევ ერთი მცდელობა. მოხსენების ტექსტუალურ ნაწილში პერსონიფიცირება, სახელი და გვარების ხაზგასმა, ასევე მრავალი ფაქტობრივი შეუსაბამობები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ ეს არის უკიდურესად მიკერძოებული და ანგაჟირებული. ნამდვილად არ ვიცი, რომელი ქულათა სისტემა თუ შკალა როგორ აღიქვამს საქართველოში არსებულ რეალობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამას როგორ აღიქვამს ჩვენი მოსახლეობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ამის შემდეგ შაქარიშვილს საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ მიმართა.

„სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ თავს იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოში ჩატაევი შემოიყვანა და აქ აცხოვრებდა”, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.

ირაკლი ნადირაძის განცხადებას უმრავლესობის დეპუტატი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.

„სენსიტიურ თემას შეეხე, ჩატაევს, შემოდი ჩემთან ოთახში და მოგიყვები, როგორ მოხვდა საქართველოში “, – მიმართა დავითულიანმა ნადირაძეს.

რაც შეეხება მარიკა დათუკიშვილის განცხადებებს, როგორც მან აღნიშნა, “ფრიდომ ჰაუსი” თვითმმართველობის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკულად აფასებს. მისი თქმით, თვითმმართველობის სისუსტეზე მიუთითებს ისიც, რომ საკრებულოს ფრაქციების წინაშე ანგარიშვალდებული მერიის თანამდებობის პირები საკრებულოში ოპოზიციურ პარტიასთან არ მიდიან.

„ბატონო გიორგი, თქვენ საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით და კი არ უნდა ხუმრობდეთ ყველაფერზე, უნდა უთხრათ მერიის მაღალჩინოსნებს, რომ მობრძანდნენ და გაგვცენ კითხვებზე პასუხი, ჩვენც ისეთივე არჩეული ვართ, როგორც თქვენ“, – მიმართა დათუკიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.