ვახტანგ შაქარიშვილი - მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი, სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება
ვახტანგ შაქარიშვილი - მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი, სინდისი ან გაქვს, ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება

მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი, სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება, – ასე ეხმაურება საკრებულოს დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევით წესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც ვახტანგ შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, კანონპროექტის მიხედვით,  უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა.

„სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ – რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა? პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა, აი ვნახოთ – უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ:
• მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება. (მეთოფიშვილების დანიშნული)
• ყოფილი მოსამართლე რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი. (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას)“, – წერს შაქარიშვილი.

მისივე თქმით, უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი.

როგორც საკრებულოს დეპუტატი წერს, პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა, იყოს მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ კენჭისყრის დროს საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს.

მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა – 34 (2) მუხლის მე 3, 4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს. ამავე მუხლის მეათე ნაწილით დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში.  ამ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ, კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა, მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებას და კანონს“, – წერს შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი წერს, მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდუალური.

„მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი. სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება“, – წერს შაქარიშავილი.