ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ კვირაში შეიძლება, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ მოლაპარაკებისკენ, შანსი ორივე მხარეს არსებობს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ კვირაში შეიძლება, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ მოლაპარაკებისკენ, შანსი ორივე მხარეს არსებობს

ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამ კვირაში შეიძლება, რაღაც ნაბიჯი გადავდგათ მოლაპარაკებისკენ. ელჩებიც მოგვიწოდებენ ამისკენ. თავად ოპოზიციაშიც არის განცდა და განწყობა, რომ ბოლო შანსი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ერთადერთი, რაც ამას უშლის ხელს არის ის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თავად მოლაპარაკების ხელშემწყობი რიტორიკა არ არსებობს“.

„იმ რიტორიკით, რითაც კობახიძე გამოვიდა, დაემუქრა კოლეგებს პოლიტიკური პარტიებიდან, შეუძლებელია მოლაპარაკების გაგრძელება. ახლა მთვარია, ვის დაბრალდება ამ მოლაპარაკებების გაჩერება და მე არ მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს, ეს მას დაბრალდეს. შესაბამისად, მგონია, რომ ორივე მხარეს არსებობს შანსი, რომ ორივე მხარემ მოქნილობა გამოიჩინოს და ამ კვირაში მოლაპარაკებები შედგეს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება პროცესების შესაძლო რევოლუციური სცენარით განვითარებას, მეგრელიშვილის თქმით, არავინ იცის, რა იქნება მომავალში.

„არავის აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ რა იქნება ხვალ. ეს არის გაურკვეველი მდგომარეობა, რომლის გადაწყვეტის გზა უცნობია და ეს უცნობი გზა შეიძლება, იყოს ნებისმიერი, მათ შორის, მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი გართულებისთვის, არამხოლოდ მშვიდობიანისთვის, არამედ არამშვიდობიანისთვისაც და ეს არის რისკი, მით უმეტეს, ისეთ ეკონომიკურ კრიზისში, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება. ყველა პარტია, რომელიც არ უწყობს ხელს მოლაპარაკებების პროცესს, ფაქტობრივად ადგას მაგ გზას და ის პარტიები, რომლებიც ძირითად აქცენტს აკეთებენ მოლაპარაკებებზე და იმედს ამყარებენ მოლაპარაკებების პოზიტიურად დამთავრებაზე, როგორც ჩანს, მაგ სცენარს ნაკლებად განიხილავენ. მაგალითად, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განსხვავებული აზრი იყო, დაადასტურა იმან, რომ პარტიის თავმჯდომარე წავიდა ამ მიზეზით, ამიტომ ქმედება ადასტურებდა, ქმედებით გამოჩნდება, რომელი პარტია რა მხარეს არის. მოლაპარაკებები არ დასრულებულა, ამიტომ არ შემიძლია ახლა კოლეგებზე საუბარი“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.