ვახტანგ მეგრელიშვილი - ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი
ვახტანგ მეგრელიშვილი - ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი

თუ მოლაპარაკებები არ გაგრძელდა და ოპოზიცია წავა ბოიკოტისკენ, როგორც კი 38 დეპუტატი ფაქტობრივად დატოვებს მანდატს და პარლამენტში არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი, დიდი ალბათობით, „გირჩის“ ოთხივე, მაგრამ, მინიმუმ სამი დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვებაზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

გარდა ამისა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, არის თუ არა რამე შანსი, მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მიიღონ სხვა შედეგი, გარდა პარლამენტის ბოიკოტისა.

„თუ მოლაპარაკებები არ გაგრძელდა და ოპოზიცია წავა ბოიკოტისკენ, „გირჩის“ პოზიცია არის შემდეგ: როგორც კი 38 დეპუტატი ფაქტობრივად დატოვებს თავის მანდატს, როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, დიდი ალბათობით, „გირჩის“ ოთხივე,  მაგრამ, მინიმნუმ სამი დეპუტატი, რაც დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, დავწერთ განცხადებას, პარლამენტის დატოვების შესახებ.

ეს ნიშნავს იმას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი, ჩვენი გაგებით, ვერ შედგა. მაგრამ კითხვა არის ასეთი – არის თუ არა რამე შანსი, რომ მოლაპარაკებები კიდევ გაგრძელდეს და ამ მოლაპარაკებებისგან სხვა შედეგი მივიღოთ, გარდა პარლამენტის ბოიკოტისა. ჩვენი პოზიცია ასეთია – მაგიდაზე დევს, უხეშად ოთხი წინადადება.

ერთი წინადადებაა პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, არ არსებობს განსხვავებული აზრი, შესაბამისად, პოლიტპატიმრებზე მოლაპარაკება გრძელდება, მთელი ოპოზიცია არის ერთ პოზიციაზე.

მეორე საკითხი არის ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს საკითხი არის უმრავლესობისთვის მთავარი საკითხი, გარდა „გირჩისა“. „გირჩი“ ამ მოლაპარაკებებში როდესაც ჩავრთეთ, ჩვენ ვთქვით, რომ ეს საკითხი შესაძლებელია გაიცვალოს სხვა მნიშვნელოვან საკითხში.

მესამე საკითხი არის, როგორ არ მოიპარონ შემდგომში არჩევნები, როგორ გამოსწორდეს ცესკო ისე, რომ მისი ნდობა იყოს შესაძლებელი. ამ საკითხზე ელისაშვილმა გააკეთა გაანცხადება, რომ მოსწონს და მიიღო თავდასხმა.

მეოთხე საკითხი არის პროპორციული არჩევნები. ყველა დონეზე და ყოველთვის, როგორც ადგილობრივ, ისე პარლამენტში. ეს საკითხი ჩვენთვის, „გირჩისთვის“ არის მნიშვნელოვანი, რომელიც ყოველთვის წარმოგვედგინა, რომ იყო უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვადამდელი არჩევნები და პლებისციტი.

მეოთხე საკითხთან მიმართებაში წინადადება არის შემდეგი, რომ 3-პროცენტიანი ბარიერი კვლავ იარსებებს, ხოლო შემოდგომაზე ადგილობრივი არჩევნები უფრო პროპორციული გახდება, ზუსტად ისევე, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნები. თბილისის საკრებულოში შემოთავაზებულია, იყოს 40/10-ზე. მოლაპარაკების მიმართულებაა, რომ ყველა არჩევნები უფრო პროპორციული იყოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.