ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძის გუშინდელი განცხადება ანგრევდა ჩვენს მთავარ მონაპოვარს, ერთობას, თუმცა იმ განცხადებაში ცუდი არაფერი ეწერა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ვაშაძის გუშინდელი განცხადება ანგრევდა ჩვენს მთავარ მონაპოვარს, ერთობას, თუმცა იმ განცხადებაში ცუდი არაფერი ეწერა

ვაშაძის გუშინდელი განცხადება ანგრევდა მთავარ ჩვენს მონაპოვარს – ერთობას ამ ბრძოლაში, თუმცა იმ განცხადებაში ცუდი არაფერი ეწერა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, „გირჩის“ ოპოზიციასთან ურთიერთობის მთელი იდეა არის ის, რომ ამ ქვეყანაში სისტემა პრობლემაა.

„ვაშაძის გუშინდელ განცხადებაში ცუდი არაფერი ეწერა. ვეთანხმებით იმას, რომ ჩიხია, რომ კრიზისია, რომ მოლაპარაკების გარეშე ამ კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია. არის ერთი პუნქტი – სიმართლე, რომლის დადგენაც შეუძლებელია. მაგალითად, მე დღის განმავლობაში სხვადასხვა კონფიგურაციის შეხვედრებს ვესწრები. ზოგ სიტუაციაში პარტიების ერთი სეტია, მეორე კონფიგურაციაში – მეორე სეტია. გუშინ ვაშაძემ რომ გამოაცხადა ეს, იდეაში ძალიან ბუნებრივია, რომ ის ხალხი დავუკავშირდით და იმ ხალხმა დავიწყეთ ერთმანეთთან მიწერ-მოწერა, ვინც იმ მომენტში არ იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. რა ქნა ეს „ნაციონალურმა მოძრაობამო“, ხომ ვიკითხავდით? ჩვენ – ოთხი პარტია, „ნაციონალურ მოძრაობას“ შევხვდით ორ საათში. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, გეთანხებითო, რასაც ფიქრობთ, ეს თქვეს პარტიის იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც იმ შეხვედრაზე მოვიდნენ. რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პარტიაა, შესაძლოა იქ აღმოჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, გრიგოლ ვაშაძე მართალი იყოო. მე აზრზე არ ვარ. ვინც მოვიდა იმ შეხვედრაზე თქვა, რომ გეთანხმებით, ჩვენც არ მოგვეწონა და შევცვალეთო. მე არ მომწონს პროცესი, სადაც დისკომუნიკაცია ჩანს. ვაშაძის გუშინდელი განცხადება ანგრევდა მთავარ ჩვენს მონაპოვარს – ერთობას ამ ბრძოლაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა განმარტა, რა შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში.

„პარლამენტში შევალთ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციასა და საზოგადოებაში გაჩნდება უკვე აზრი, რომ პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს სიყალბეში მონაწილეობას. ეს არის მთავარი კრიტერიუმი, როდესაც გვეცოდინება, რომ პარლამენტში მივდივართ სალაპარაკოდ და არა რომელიღაც როლის შესასრულებლად. ამისთვის საჭიროა, გარკვეული თვალსაზრისით მოხდეს კონსენსუსი. უნდა იყოს ისეთი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეორე ტურებს მისცემს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ – მეოთხედ დავრესტრატდეთ. რა ფორმითაც პირველი ტურები ჩატარდა, ამ ფორმის არჩევნების ნდობა შეუძლებელია. ჩვენ მეორე ისეთი ტურები უნდა ჩავატაროთ, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, დარჩება თუ არა ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“. მეორე ტურებში თუ მივიღეთ მონაწილეობა, ვინც გაიმარჯვებს, ის არის გამარჯვებული და ამას აღიარებს ყველა მხარე. დღეს მეორე ტურებმა დაკარგა შინაარსი, დღეს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება დათანხმებას ნიშნავს „ქართული ოცნების“ ძალადობაზე, ამას წინ უნდა უძღოდეს მოლაპარაკება. სხვა შემთხვევაში, იღებენ საბჭოთა კავშირს – ერთპარტიულ პარლამენტს. მე ეს ვარიანტიც მომწონს, რადგან აქ ოპოზიცია ერთიანია, მაგრამ თუ მივდივართ მეორე ტურებზე, საჭიროა იყოს ასეთი სურათი, რომ თანაბრად უნდა განვიხილოთ, არ მივაქციოთ ყურადღება პირველ ტურებს, „ოცნებამ“ ჩამოიყვანოს „სამართლიანი არჩევნების“ მაჩვენებლამდე რეიტინგი, რათა მეორე ტურის არჩევნებს ჰქონდეს აზრი. თუ ოპოზიცია ერთიანი იქნება, ჩვენ მივიღებთ მეორე ტურში მონაწილეობას და მგონია, რომ ეს სწორიც არის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.