ვახტანგ მეგრელიშვილი - უკრაინელები ჩვენგან მკაფიო პოზიციას ითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა აღვიქვათ საფრთხე, რომელიც მათ დაემართათ, თუ ამის კეთებას დავიწყებთ, ურთიერთობა დაგვილაგდება
ვახტანგ მეგრელიშვილი - უკრაინელები ჩვენგან მკაფიო პოზიციას ითხოვენ, რაც ნიშნავს, რომ სერიოზულად უნდა აღვიქვათ საფრთხე, რომელიც მათ დაემართათ, თუ ამის კეთებას დავიწყებთ, ურთიერთობა დაგვილაგდება

უკრაინა და საქართველო ევროკავშირისკენ ერთდროულად ერთად თუ მივდივართ, მაშინ პოლიტიკურ დონეზე უნდა ვითანამშრომლოთ. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც იმის უნარს მოგვცემს, რომ ახლა უკრაინასთან ურთიერთობა დავიწყოთ, მათ შორის ის გაუგებრობები გადავწყვიტოთ, რაც ამ ურთიერთობის არქონის გამო დაგროვდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ გაუგებრობების აღმოფხვრის უნარი საქართველოს აქვს იმის გამო, რომ უკრაინელების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულია.

„მათ კარგად ესმით, რომ ჩვენ ზუსტად იგივე მდგომარეობაში ვართ, როგორშიც მათი რომელიღაც რეგიონი, სადაც რუსები არიან შევარდნილი. ისინი ჩვენგან რაიმე სასწაულს არ ითხოვენ, ითხოვენ მკაფიო და გასაგებ პოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სერიოზულად უნდა აღვიქვათ ის საფრთხე, რომელიც უკრაინელებს დაემართათ. ჩვენც ამ საფრთხისთვის მზადება უნდა დავიწყოთ. თუ ამის კეთებას დავიწყებთ, მაშინ ურთიერთობა უკრაინასთანაც დაგვილაგდება და შევძლებთ, ერთად ვითანამშრომლოთ მომავალში დასავლეთისა და ევროკავშირის თვალსაზრისით“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების ტოტალურად დაბლოკვას და არშემოშვებას არ ემხრობა.

„ისეთ სანქციებს, რომელსაც არანაირი შინაარსი არ უნდა ჰქონდეს რუსეთისთვის გარდა იმისა, რომ პიარულად გამოვვარდეთ და რაღაც დავიყვიროთ, ეს უკრაინელებს უნდა გავაგებინოთ, ავუხსნათ. ამაზე ვსაუბრობდით. მათგან მოვისმინე, რომ გრძელი ნუსხა რომ მოგცეთ იმ ადამიანების, რომელსაც საქართველო თავის ტერიტორიაზე არ შემოუშვებდა. ჩვენ ხომ გვაქვს ასეთი ინსტრუმენტი აფხაზეთსა და ოსეთში მყოფ ადამიანებზე, ვისზეც ჩვენს კანონმდებლობას ვავრცელებთ. ის, რომ ამაზე საუბარი არ იყო, ეს ცუდი ურთიერთობის ბრალია. ითქვა, რომ საუბარია ორი ათას კაციან ნუსხაზე, რომლებიც პუტინთან დაახლოებული პირები არიან. რაც შეეხება პრორუსული ტელევიზიების აკრძალვას, არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ რუსეთს შეიძლება, შეებრძოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ამბის დაბლოკვით, რისიც არ მჯერა, რადგან ადამიანმა ორი რამე ერთმანეთს უნდა შეადაროს და დასკვნა თავად გამოიტანოს. თუ ინფორმაციას ერთ ნაწილს აცლი, მაშინ მაყურებელს შესაძლებლობას ართმევ, დასკვნა გამოიტანოს. როცა უკრაინაზე ამბავს ვიგებ, ამავე დროს რუსულ პროპაგანდისტულ ნაწილს ვუყურებ, რომ ერთიანობაში აღვიქვა ამბავი ვის რა უნდა, ვინ რას აკეთებს და სად იტყუება. ვინმემ რუსული არხები რომ დამიბლოკოს, ეს ჩემთვის დარტყმა იქნება, როგორც პოლიტიკოსისთვის. არ ვფიქრობ, რომ ადამიანები იდიოტები არიან და ისინი უნდა ვმართოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.