ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლაპარაკებას თუ ნამდვილად რამედ მივიჩნევთ, შევასრულოთ საშინაო დავალება, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, მართლა რა უნდა და ხელისუფლებამ ოპოზიციის სერიოზულობა აღიქვას
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოლაპარაკებას თუ ნამდვილად რამედ მივიჩნევთ, შევასრულოთ საშინაო დავალება, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, მართლა რა უნდა და ხელისუფლებამ ოპოზიციის სერიოზულობა აღიქვას

ჩვენ ოპოზიციასთან იმ მნიშვნელოვან წერტილამდე ვთანამშრომლობთ, ვიდრე უფლებამოსილების შეწყვეტა არშეწყვეტის საკითხს განიხილავს პარლამენტი. აქამდე ვართ ოპოზიციასთან ერთად და გვინდა, რომ ხელისუფლება და მთავარი ოპოზიცია ერთმანეთს შევარიგოთ, რათა ამ ხალხმა ერთმანეთთან ლაპარაკი დაიწყოს, – ასე უპასუხა „გირჩის“ წარმომადგენელმა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, რა სამოქმედო გეგმა აქვს საერთო ოპოზიციას, თუ ვერ მოხდა შეთანხმება მეხუთე რაუნდზე.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანაა, რომ გააცნობიერონ, მოლაპარაკებაზე უარის თქმით, რა ღირებულება შეიძლება, დაიკარგოს.

„მაგიდაზე ის ოთხი საკითხი იქნება თუ სხვა ოთხი საკითხი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია სურვილი, გინდა მოლაპარაკება თუ – არა. თორე იმ საკითხებს ბოლოს და ბოლოს როგორც გვინდა, ისე გადავაკეთებთ, ან რაზეც გვინდა, იმაზე შევთანხმდებით. არაფერი გამოუვალი არ არის, თუ მხარეებს შეთანხმების სურვილი ექნებათ. მთავარი ამოცანაა, წარმოვიდგინოთ, რა ღირებულება შეიძლება დავკარგოთ, თუ უარს ვიტყვით ამ მოლაპარაკებაზე. და თუ ჩვენ ამას მართლა რამედ მივიჩნევთ, შევასრულოთ საშინაო დავალება. მაგალითად, ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, მართლა რა უნდა და ხელისუფლებამ ოპოზიციის სერიოზულობა აღიქვას. 

ფასილიტატორები გადასარევი გვყავს. ისინი მართლაც საქართველოს მეგობრები არიან და არა რომელიმე მხარის მეგობრები. თუ გადაწყვეტილების მიღებას შევძლებთ როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, შემდეგში საუბარი შესაძლებელი იქნება. თუ ვერ შედგა შეთანხმება და ჩვენს კოლეგებს გაუუქმეს მანდატები, ესე იგი, პარლამენტი ვერ შედგა, ჩვენ ამას ასე შევხედავთ. ჩავთვლით, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი ნამდვილად არალეგიტიმური, ბუტაფორულია და რაც თავში მოგვივა, იმას გავაკეთებთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.