ვახტანგ მეგრელიშვილი - შიმშილობის აქტი ჩემთვის არის კრიზისის მაჩვენებელი, რომელიც განმუხტვას მოითხოვს
ვახტანგ მეგრელიშვილი - შიმშილობის აქტი ჩემთვის არის კრიზისის მაჩვენებელი, რომელიც განმუხტვას მოითხოვს

შიმშილობის აქტი ჩემთვის არის კრიზისის მაჩვენებელი, რომელიც განმუხტვას მოითხოვს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ამ პერიოდში, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ უცნაური აქტით არის დაკავებული, მათთვის ძალიან დიდი სტიმულია, მართლა იყვნენ კონსტრუქციული მოლაპარაკებების დროს, თუ მართლაც რამე აღელვებთ და მოიძებნოს რაღაც გამოსავალი, როგორც პარტიისთვის, ისე მათი ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის. რა თქმა უნდა, მე ახლა რეცეპტი არ მაქვს, როგორი შეიძლება, ეს იყოს, მაგრამ ეს კრიზისი მეუბნება, რომ აუცილებელია, გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამ განცხადებით ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ ესახება ეროვნული თანხმობის მიღწევის და პოლარიზაციის დასრულების პერსპექტივა იმ ვითარებაში, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარეშე თანხმობას არ განიხილავს და შიმშილობის აქტს მიმართავს.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა სტრატეგია უნდა შემუშავდეს და მიეწოდოს, როგორც საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ პარტიებს, რათა პოლარიზაციის შემცირება მოხერხდეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ კრიზისი იმ შემთხვევაში განიმუხტება, თუ პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ მათთვის ელექტორალურადაც მომგებიანია განსხვავებული, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში და არა ერთი, ან მეორე დიდი პარტიის გარშემო კონცენტრირება.

მისი თქმით, ორპოლუსიანობის და პოლარიზაციის დასრულების შანსი პოლიტიკურ ველზე ბევრი მოთამაშის არსებობაა, რასაც დაბალი საარჩევნო ბარიერი უზრუნველყოფს.

შეკითხვაზე, რამდენად მოახერხეს, პარლამენტში ყოფნა თვითგანვითარებისთვის გამოეყენებინათ იმ მცირე პარტიებს, რომლებიც ერთი წელია, პარლამენტში მოხვდნენ, ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ 1%-იანი ბარიერი, რომლითაც 2020 წლის არჩევნები ჩატარდა, მცირე პარტიებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო და „გირჩის“ გარდა, ისინი შესაძლოა, მოუმზადებელი იყვნენ.

„მერე კრიზისი დაიწყო და უკვე საუბარი იყო არა იმაზე, როგორ მოიქცეოდნენ ეს პარტიები ჩვეულებრივ მდგომარეობაში, არამედ იმაზე, კრიზისში როგორ მოიქცნენ, კრიზისში კი ისინი ისევ ძალის ცენტრების გარშემო განლაგდნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც „გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, გამოსავალი არის პოლიტიკურ ველზე ბევრი დამოუკიდებელი მოთამაშე.

„როგორ შეიძლება, ასეთი გარემო შეიქმნას? – მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ სამომავლოდ გვექნება შანსი, რომ პოლიტიკაში დარჩნენ ის ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ამ ორი დიდი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ და პოლიტიკურ ველზე იარსებონ. ჩემი აზრით, ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.