ვახტანგ მეგრელიშვილი - სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს მისკომუნიკაცია როგორც უკრაინაში ჩვენს პარტნიორებთან, რომლებსაც ლამის ნაცებს ვეძახით, ასევე დასავლელ პარტნიორებთან
ვახტანგ მეგრელიშვილი - სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს მისკომუნიკაცია როგორც უკრაინაში ჩვენს პარტნიორებთან, რომლებსაც ლამის ნაცებს ვეძახით, ასევე დასავლელ პარტნიორებთან

„გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, სანქციებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია არ არის მკაფიო, რის გამოც ჩნდება კითხვები უკრაინული მხარისგან.

მეგრელიშვილი გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

„ჩემი აზრით, სომხეთთან დაკავშირებით სრულიად ბუნებრივი განცხადებაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ჩაერთვებოდნენ ასეთ რაღაცებში. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას, მათი პოზიცია რომ არ არის მკაფიო, ზუსტად ამიტომ ჩნდება ამდენი კითხვა. არ არის მკაფიო, სანქციებთან დაკავშირებით როგორ ვიქცევით, როგორი პოზიცია გვაქვს, რამდენად სინქრონირებულია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. მათ შორის, მე ვფიქრობ, როგორც ბორჯომის საკითხი დადგა, ასევე მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სანქციების სიებში არიან დასავლეთში და ჩვენთან აქვთ ბიზნესი. ჩვენ ამ თემებზე სერიოზული საუბარი უნდა დავიწყოთ, რომ გვესმოდეს, ზოგიერთი სანქცია შეიძლება, ჩვენთვის უფრო დამაზიანებელი აღოჩნდეს, ვიდრე რუსეთისთვის. აქედან გამომდინარე, დახურულ სფეროში რომ მიმდინარეობს ამ თემებზე საუბარი, სულ ეჭვებია, სულ ერთმანეთს ვაბრალებთ, იმან რატომ დაგვაბრალა, ამან რატო. ეს აჩვენებს, რომ გვაქვს მისკომუნიკაცია, როგორც ჩვენს პარტნიორებთან უკრაინაში, რომლებსაც ლამის ნაცებს ვეძახით, ასევე გვაქვს მისკომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

მისი შეფასებით, სწორი კომუნიკაციის შემთხვევაში, უკრაინის მხრიდან მსგავსი განცხადებები ნაკლებად იქნებოდა.

„დასავლელ პარტნიორებთან რომ გვქონდეს სწორი კომუნიკაცია სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის მხრიდან ასეთი განცხადებები, ჩემი აზრით, იქნებოდა ნაკლები ან ეს იქნებოდა პრევენცია და ზურგი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მართლა ეწოდებინა ასეთი განცხადებებისთვის არასერიოზული, აბსურდული ან მსგავსი.

ქართული მხარე ძალიან უმნიშვნელოა იმ კონტექსტში, რასაც ახლა უკრაინა აკეთებს. უკრაინა ყველანაირად თავს იზღვევს და ცდილობს, რომ მაქსიმალური წინააღმდეგობა მოაბილიზოს თავისი მტრის წინააღმდეგ. შეიძლება, რაღაც თვალსაზრისით წარმოვიდგინოთ, რომ იყოს პრევენციული განცხადება, რათა ასეთი რამე არ ქნან. ზუსტად ის, რომ ასეთი განცხადება შეიძლება, იყოს პრევენციული, აჩვენებს იმას, რომ ჩვენ შორის ნდობა არ არის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.