ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩი“ იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში
ვახტანგ მეგრელიშვილი - „გირჩი“ იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში

თუ რამე გავლენას მოახდენს მეხუთე რაუნდზე და მოლაპარაკებებზე ეს არის „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა და „ქართული ოცნების“ რაღაცნაირი რეაქცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სავარაუდოდ, „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნის შინაარსის მოლოდინი ჰქონდა და ისეთი განცხადებები გააკეთა, როგორ შეიძლება თავად მოლაპარაკებების პროცესს ამან ხელი არ შეუშალოს.

„მე დაველოდები ორშაბათს, რადგან პროცესების განვითარება გველოდება წინ. ფაქტობრივად „გირჩი“ იყო ერთადერთი პარტია, რომელიც არ მოითხოვდა ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ ჩვენი რაღაცა გვინდოდა და ოპოზიციას ვეთანხმებოდით, რადგან ასეთი იყო გარემოებები, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნა ძალიან ბევრი პარტიისთვის იყო არგუმენტი ამ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის პროცესში. შესაბამისად, ახლა როგორი იქნება ბრძოლის სტრატეგია ადამიანების, რომლებიც კონკრეტულად აპელირებას აკეთებდნენ, თავად მოუწევთ განსაზღვრა. ქვეყანაში, რომელშიც მართლა არ გვაქს ინსტიტუტი, რომელიც რაიმე სანდოობას გამოიწვევს, სასამართლო რომ გვქონოდა, საერთოდ არ მოგვიწევდა მსგავსი პროცედურების გავლა და კვლევებზე დაყრდნობით განცხადებების გაკეთება. შესაბამისად, ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სანდოობის პრობლემა. ის, რომ რომელიღაც კვლევამ ხელისუფლებისთვის უკეთესი მაჩვენებელი დადო, ვერ გადაფარავს იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე მთავარ ოპოზიციურ პარტიას ემუქრება გაუქმებით, რაც არ უნდა იყოს ამ აზრის უკან, ეს უბრალოდ შეუძლებელია ხდებოდეს ნორმალურ ქვეყანაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.