ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილს თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ლოგიკური იქნება, „ქართული ოცნება“ თავს ესხმის ზურაბიშვილს, რამენაირად, ისე გააღიზიანოს, რომ მან შეიძლება, ეს ნაბიჯი გაბრაზების ფონზეც კი გადადგას
ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილს თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, ლოგიკური იქნება, „ქართული ოცნება“ თავს ესხმის ზურაბიშვილს, რამენაირად, ისე გააღიზიანოს, რომ მან შეიძლება, ეს ნაბიჯი გაბრაზების ფონზეც კი გადადგას

პრეზიდენტთან დაკავშირებით ისეთი ამბავია ატეხილი, რომ კულტურის სამინისტროს გენინსპექცია უვარდება და პრეზიდენტი „მონანიებიდან“ პოსტავს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„ამ მდგომარეობაში, ჩემი აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილს ქალბატონი პრეზიდენტი შეიწყალებს, რაღაცნაირად ლოგიკური იქნება ეს. „ქართული ოცნება“, ფაქტობრივად, ყველანაირად აიძულებს, თავს ესხმის პრეზიდენტს, რომ რამენაირად ისე გააღიზიანოს თუ გამოიყვანოს მდგომარეობიდან, რომ მან შეიძლება, ეს ნაბიჯი ამ გაბრაზების ფონზეც კი გადადგას. სუფთა ადამიანურად ვამბობ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საშუალებას იძლევა ის არაადეკვატური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს.

„იმდენად არაადეკვატურია ის, რაც ხდება, უბრალოდ, ვფიქრობ, რა შეიძლება, იყოს ამის პრაგმატული მოტივაცია და რატომ შეიძლება, ასე მოიქცე. ალბათ თავისი ამომრჩევლის წინაშე რომ მოიცილოს ეს საკითხი და გადააკისროს სალომე ზურაბიშვილს. მე ასეთ მშვენიერ ვერსიას ვავითარებ. შეიძლება, ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, ზღაპარია, მაგრამ მე ასე ვხედავ ამ სიტუაციებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ ეს ასე არ მოხდა და სააკაშვილი არ გათავისუფლდა, რა პერსპექტივა ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ხედავს თუ არა პირდაპირ ბმას ამ ორ თემას შორის, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარს უჭერს 577 დეპუტატი, მათ შორის, „ქართული ოცნების“ პარტნიორები და ეს არის ამ შეკითხვის პასუხი.

„თუ ამ რეზოლუციისთვის 577 ევროპარლამენტარის დადებითი ხმა საკმარისი არ არის იმ ემოციის გადმოსაცემად, რაც ბრიუსელშია, მე, უბრალოდ, არ ვიცი, სხვა რა შეიძლება იყოს დამაჯერებელი თქვენი მაყურებლისთვის“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რის საფუძველზე შეიძლება, ეთქვას უარი ქვეყანას კანდიდატის სტატუსზე მაშინ, როდესაც გამოქვეყნდა ევროკომისიის დადებითი ანგარიში, სადაც საქართველომ მაღალი ქულები მიიღო და „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების უმეტესობას შესრულებულად აცხადებს, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შეიძლება, ქვეყანას უარი ეთქვას პოლიტიკური მოტივით.

„მე, მაგალითად, ვმონაწილეობ პროცესში და იმ ოპოზიციაში არ გავდივარ, რომელმაც არ იცის, 12 პუნქტი შესრულდა თუ არ შესრულდა. ძალიან კარგად ვიცი, რომ, მხოლოდ ფორმალური გაგებით, ძალიან კეთილგანწყობილი შემფასებელი დაუდასტურებს „ქართულ ოცნებას“, რომ იმ 12 პუნქტიდან რამე სერიოზულად შესრულდა. თუ მოვინდომებთ, უმარტივესად დავამტკიცებთ, რომ 12-ვე პუნქტი ერთნაირი ღირებულების არ არის და ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებთან დაკავშირებით, რაც მოთხოვნილი იყო, საერთოდ არაფერი არ მომხდარა. დეპოლარიზაცია აიღეთ, კლოუნადა, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ხომ შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ უფრო გაძლიერებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ 12 პუნქტზე რეკომენდაცია მოგვცეს, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან გართულებული სიტუაციის გამო? ქვეყანაში არ ხდება არანაირი დეპოლარიზაცია და არანაირი პოლიტიკური პროცესი. დღეს სამხედრო რეფორმაზე ველაპარაკებოდით და ისევ ჯარში ძალით წაყვანა უნდათ ხალხის. მედიის ინტერესის სფეროში არცერთი თემა არ გამოდის დაპირისპირების, კადრების გავრცელების, პერსონალური ჭორაობის გარდა და ეს ევროპელები მართლა დებილებად ხომ არ მიგვაჩნია ან იდიოტები ხომ არ გვგონია, რომ ქართული არ იციან და სწორად ვერავინ გადაუთარგმნის, რა ხდება ამ ქვეყანაში? ეს ხომ ესმით და, შესაბამისად, მოლდოვას და უკრაინას რომ სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრით ვუსწრებთ, მხოლოდ ამის მიხედვით ხომ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას?“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.