ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ დროებით მაინც დატოვოს ქართული პოლიტიკა და მიხედოს ჯანმრთელობას, ოჯახს
ვახტანგ მეგრელიშვილი - სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა მდგომარეობს იმაში, რომ დროებით მაინც დატოვოს ქართული პოლიტიკა და მიხედოს ჯანმრთელობას, ოჯახს

„გირჩის“ წევრს, ვახტანგ მეგრელიშვილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა, მან დროებით მაინც დატოვოს ქართული პოლიტიკა.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა სოციალური ქსელით გაკეთებულ მიმართვას, სადაც პარლამენტის ყველა ექიმ წევრს მოუწოდებს, მოინახულონ, როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნები.

მეგრელიშვილის განცხადებით, სააკაშვილთან პოლიტიკაზე საუბარი სურს.

„თავს ექიმად რომ ვგრძნობდე, შეიძლება, ამან დამაინტერესოს, რათა გავერკვიო სიტუაციაში, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება. ვერ გამოვრიცხავ, რომ ოცი წლის წინ ეს მექნა, მაგრამ ახლა იმის განწყობაზე არ ვარ, ეს გავაკეთო. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკასთან საუბარი მაინტერესებს, რადგან არ მჯერა, რომ მისი გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეიძლება და სწორია. მგონია, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტის რაღაცნაირი რეცეპტი პოლიტიკურ ნაწილშია და არა – სამედიცინოში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან მომწონს, რომ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა ჯგუფს ისე უცნაურად აყალიბებს, ტექნიკურად მივხვდი, მაგრამ არ მაინტერესებს. ანუ, საუბრის არეალს ტყუილად მიზღუდავს, მე სხვა რამეზე საუბარი მინდა და იქნებ, მასაც აწყობს. ვფიქრობ, მისი პრობლემის წყაროა თავისუფლების აღკვეთა და სასაუბროა იმაზე, როგორ შეიძლება, ციხიდან გათავისუფლდეს. მისი ციხიდან გათავისუფლებისთვის პოლიტიკური გადაწყვეტაა საჭირო „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. მათ შორის ომის დასრულებაა იმის წინაპირობა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებაზე აღმოჩნდეს და მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, ოჯახს და ცხოვრებას.

წარმოიდგინეთ, ერთ მილიონ ადამიანს უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია. შეიძლება, კარგ რამეს არ ვამბობ, მაგრამ ის, რომ ცუდად იყო, ამ ერთ მილიონ ადამიანს მაინც და მაინც არ ეწყინება. ამ ხალხის წარმომადგენელია „ქართული ოცნება“.  სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა დროებით მაინც ქართული პოლიტიკა უნდა დატოვოს და იმას მიხედოს, რაც უკვე ვთქვი. რას ნიშნავს ქართული პოლიტიკის დატოვება იმ ადამიანის მიერ, ვინც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ კონცერტს აწყობს თვითონ და მისივე მეგობრების სახით – ხან აქციებია, ხან შიმშილი, ეს არის არათანმიმდევრობა. მისი გათავისუფლების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. ერთადერთია ქართული პოლიტიკიდან ჩამოშორება, მაგრამ ეს რაღაცაში უნდა გამოიხატოს, რადგან მის სიტყვას კაციშვილი არ ენდობა. ანუ, რაღაც უნდა მოხდეს იმისთვის, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა ვინმემ დაიჯეროს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

დატოვე კომენტარი