ვახტანგ მეგრელიშვილი -  „ქართულ ოცნებაში“ მომხდარმა ცვლილებებმა, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების წარმართვას ხელი შეუშალოს
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ქართულ ოცნებაში“ მომხდარმა ცვლილებებმა, შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების წარმართვას ხელი შეუშალოს

ირაკლი კობახიძეს დღევანდელი განცხადების დროს სამწუხაროდ, ახალი არაფერი უთქვამს. ბიძინა ივანიშვილი წავიდა, სავარაუდოდ, ის დაიკავებს პარტიის თავმჯდომარის ადგილს და მას ჰქონდა შანსი, რაღაც ახალი ინიციატივით გამოსულიყო, სინამდვილეში, მას არაფერი არ უთქვამს, გააგრძელა მუქარის ტონით საუბარი ოპოზიციის მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მუქარის ტონით საუბარი მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს.

„არამგონია, რომ თავად პროცესს (თუ მოლაპარაკების პროცესი რამე პრიორიტეტს წარმოადგენს „ქართული ოცნებისთვის“) ასეთმა ტონმა და დამოკიდებულებამ ხელი შეუწყოს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე: „შეხვალთ თუ არა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში, სავარაუდოდ, „ევროპელი სოციალისტები“ იქნებიან ამ კომისიაში, თქვენ რას აპირებთ“, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში გაყოლა „ქართული ოცნებისთვის“ პრაგმატული არ არის.

„თავად „ევროპელი სოციალისტები“ არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ვერ ხერხდება ამ პარლამენტის გამრავალპარტიულობა. სასაცილო ხდება თითქოს ისეთი უცნაური ადამიანები აღმოჩნდენ და „ქართული ოცნება“, რომელიც აქცენტს აკეთებს, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ არის. ხელოვნურად გთავაზობენ ისეთ ვერსიას, რომლის დაჯერება ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ შეეძლება.

შეუძლებელია ამის განხორციელება, ამ გაყალბების დამტკიცება ამდენი ვადის გასვლის შემდეგ, რაც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა, რომ გამოესწორებინა ხარვეზები და ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, რომელიც დაადგენდა მტყუან-მართალს. ამ პროცესში გაყოლა „ქართული ოცნებისთვის“ არ არის პრაგმატული“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამი შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუმცა, როგორც მეგრელიშვილი ფიქრობს, შესაძლოა „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე ცვლილებებმა პროცესს ხელი შეუშალოს.

„წარმოდგენა არ მაქვს როდის ჩატარდება მოლაპარაკებები, ამის შესახებ ინფორმაცია ფიზიკურად არ ვრცელდება. ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, რაღაც ცვლილებები მოხდა „ქართულ ოცნებაში“, არ ვიცი, შეიძლება შეუშალოს ხელი მოლაპარაკებების წარმათვას, რადგან დღევანდელი „ქართული ოცნების“ პოზიცია ისევ ხისტი იყო. იმიტომ არის გაჩერებული მოლაპარაკებები, რომ ერთმანეთს ებრძვიან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ორი პარტიის ბრძოლის გამო ფაქტობრივად, ფასილიტატორებს რჩებათ აზრი, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, თუ რიტორიკა არ შეიცვალა. პირველ რიგში, ამ რიტორიკის შეცვლა არის „ქართული ოცნების“ მხარეს, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტის მხარეს და ის არ იცვლის მას. დღევანდელი კობახიძის განცხადება ამის დამადასტურებელი იყო. მე წარმოდგენა არ მაქვს, შედგება თუ არა საერთოდ მოლაპარაკებები, მით უმეტეს წარმოდგენა არ მაქვს, დამთვრდება თუ არა პოზიტიურად“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას მიიწვევენ.