ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა

პირველი შემთხვევაა, როცა „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი საკუთარ პარტიას რადიკალურად დაუპირისპირდა, რაც მანიშნებელია იმის, რომ „ქართული ოცნება“ გუნდის ფარგლებში ვერ ახერხებს დაარწმუნოს საკუთარი პოლიტიკური ფიგურები, რომ მათი გადაწყვეტილებები სწორია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავად მასპინძლობდა შარლ მიშელს და როცა შემდეგში შეხვდება, იგრძნობს პასუხისმგებლობას ჩაშლილი პროცესზე, რომელიც არ იქნება კარგი ჩანაწერი ევროკავშირის პრეზიდენტის ბიოგრაფიაში.

„საქართველოში ინსტიტუტები დამოუკიდებლები არ არიან და ზუსტად ამიტომ გვიკვირს, რომ ეს არადამოუკიდებელი ინსტიტუტის წარმომადგენელი რაღაც მომენტში არასტანდარტულად იქცევა. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე სესხის თაობაზე „ქართული ოცნების“ პოზიცია საჯარო გახდებოდა, ოპოზიცია შეკრებილი ვიყავით ევროკავშირის წარმომადგენლობაში და იქ ბრიუსელიდან შარლ მიშელის წარმომადგენელთან ვისაუბრეთ. ჩვენ ამის შესახებ ვიცოდით. მაშინ კომენტარებიც გავაკეთე, მაგრამ ჟურნალისტებმა ყურადღება დიდად არ მომაქციეთ. რეალურად, საქართველოს მთავრობას სესხზე უარი არ უთქვამს, საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად წინასწარ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობას შესრულებული არ აქვს ვალდებულებები და ამის შეუსრულებლობა ნიშნავს ამ ტრანშის გაჩერებას, რომ სხვანაირად არ იყოს გაგებულიო. მთავრობამ შიდა პოლიტიკური ბაზრის ინტერესებიდან გამომდინარე მარტივი „გაპრავება“ მოიფიქრა, რომ ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი აქვთ ზრდა აქვს და უარი თქვა 300 მილიონზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ გუშინ ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სესხზე გაცხადებული უარი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, როდესაც მოქალაქეებს ჰპირდებიან „მეტ ევროპას საქართველოში და მეტ საქართველოს ევროპაში“, ევროპელ პარტნიორებს კი 2024 წლისთვის კანდიდატურის განაცხადის შეტანას, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია პარტნიორების სრული ნდობის შენარჩუნება.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველაფერს იღონებს, რომ არავინ, არც ხელისუფლებამ, დაუფიქრებელი ნაბიჯებით და არც დესტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც დღეს თავხედურად ხელს აწერს დოკუმენტს, რომელსაც ექვსი თვე ძირს უთხრიდა, ვერ შეძლოს ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება“.