ვახტანგ მეგრელიშვილი - ორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საქართველო-უკრაინის სპიკერებს შორის, ვფიქრობ, რაღაც დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საქართველო-უკრაინის სპიკერებს შორის, ვფიქრობ, რაღაც დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს

გავიგე უკრაინელებისგან მათი რეალური პრეტენზია, მორალური პრეტენზია და ჩვენ საპასუხო გვაქვს ამაზე, უნდა ჩამოვყალიბდეთ მართლა, როგორი ქვეყანა ვართ, რა საზოგადოება, რა დამოკიდებულება გვაქვს, მათ შორის ჩვენ რომ დაგვემუქროს იგივენაირი საფრთხე, როგორ მოვიქცევით, ჩვენ საერთოდ არ ვართ მზად, არ ვფიქრობთ ამ საფრთხეზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილმა უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„რაღაცნაირად, გადატვირთვის შესაძლებლობა იყო იმ ურთიერთობების, რომელიც ბოლო პერიოდში გვქონდა გაუგებარ მდგომარეობაში. მე გავიგე უკრაინელებისგან მათი რეალური პრეტენზია, მორალური პრეტენზია და ჩვენ საპასუხო გვაქვს ამაზე. უნდა ჩამოვყალიბდეთ მართლა, როგორი ქვეყანა ვართ, რა საზოგადოება, რა დამოკიდებულება გვაქვს. მათ შორის ჩვენ რომ დაგვემუქროს იგივენაირი საფრთხე, როგორ მოვიქცევით, ჩვენ საერთოდ არ ვართ მზად, არ ვფიქრობთ ამ საფრთხეზე. უკრაინელები გვაფიქრებენ ამ საფრთხეზე. შესაბამისად, ის ორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა სპიკერებს შორის, საჯაროდ რაც ითქვა, ვფიქრობ რაღაცა დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს, მაგრამ ის, თუ როგორ დაგვხვდნენ, ფაქტობრივად როგორ უზრუნველყოფდნენ ჩვენს უსაფრთხოებას, ეს მიუთითებდა იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უკრაინისთვის. ვფიქრობ, სხვა ასეთი ქვეყანა არ არსებობს და ამიტომაც აქვთ ჩვენს მიმართ უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე ექნებოდათ სხვა ქვეყნის მიმართ. მთავარი მე მაინც მგონია ეს გაურკვევლად ჩამოყალიბებული ქართული მხარის პოზიცია ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, უკრაინასთან დაკავშირებით. არა ის, რომელიმე სანქციას მივუერთდით თუ არ მივუერთდით, არამედ ჩვენი ურთიერთობის ხარისხი. ჩვენი ურთიერთობის ხარისხი როგორც ჩანს, მეტ ჩართულობას და მეტ თანამშრომლობას მოითხოვს სახელისუფლებო ნაწილში. ეს რაღაცნაირი დასაწყისია ამ ურთიერთობების. ვფიქრობ, რომ გადატვირთვის შესაძლებლობა გაჩნდა, გააჩნია, რას გავაკეთებთ და რა ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, უკრაინის თემის საკუთარ პოლიტიკურ მიზნებში გამოყენების მცდელობებს ყველამ თავი უნდა დაანებოს.

„თუნდაც ის, რომ ჩემი კოლეგები ისაუბრებენ ამ თემაზე, ვფიქრობ, საკუთარი თვალით ნანახი სხვა არის, ერთია, როდესაც შენ რაღაცას კითხულობ მედიაში, ეცნობი და მერე გამოდიხარ და ამაზე დაყრდნობით ლოგიკურ დასკვნას იძახი. მეორეა,როდესაც შენ ნახე ტანკი. რომელიც დაფერფლილია. მე არ ვიცოდი, რომ რკინა იფერფლებოდა ან ქრებოდა, არ ვიცოდი, რომ შუა ქალაქში საცხოვრელებელ სახლებს შუაში ჭურვების ხვრელები ჰქონოდა, ამას რომ უყურებ, მერე გესმის იმ ადამიანების პრეტენზიის ემოციური ნაწილიც და კარგი იქნებოდა, რომ კიდევ უფრო ბევრი წავსულიყავით ამ დელეგაციაში, მათ შორის ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“, ეს შიდა პარტიული კინკლაობა და გამოყენება უკრაინის საკითხის შიდაპარტიულ ამბავში, საერთოდ საგიჟეთია, ეს უნდა დასრულდეს. როგორც უკრაინაში დაასრულეს დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ომის დროს ურთიერთკინკლაობის საკითხი, ჩვენც დაახლოებით იგივე რეჟიმში უნდა გადავიდეთ და გავჩერდეთ. უკრაინის თემის საკუთარ პოლიტიკურ მიზნებში გამოყენების მცდელობებს უნდა შევეშვათ. ბევრად სერიოზულად დამანახა უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოში ამ ვიზიტმა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინიდან დღეს დაბრუნდა.