ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციონერმა კოლეგებმა ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ტექნიკურადაც, არ მომწონს არსებული დამოკიდებულებით სესიის მოწვევა, ზოგადად, ოპოზიციას შორის არასწორი ურთიერთობაა
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციონერმა კოლეგებმა ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ, ტექნიკურადაც, არ მომწონს არსებული დამოკიდებულებით სესიის მოწვევა, ზოგადად, ოპოზიციას შორის არასწორი ურთიერთობაა

პარტია „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი განმარტავს, რატომ არ აწერს „გირჩი“ ხელს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე დოკუმენტს.

მეგრელიშვილი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ კოლეგებს რაოდენობრივად „გირჩის“ ხმები არ სჭირდებოდათ, ამავდროულად, ამბობს, რომ სწორად არ მიაჩნიათ, როგორც იგეგმება სესია.

ვახტანგ მეგრელიშვილის განმარტებით, კოლეგებმა ოპოზიციიდან უარი თქვეს იმ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობაზე, სადაც უნდა განხილულიყო იგივე საკითხები, რაც რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზად მათ დაასახელეს. ამასთანავე, ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, არსებული პოლიტიკური ფონიდან გამომდინარე, სესიის განმავლობაში კონსტრუქციული დიალოგი შეუძლებელია.

„ოპოზიციიდან ჩვენს კოლეგებს რაოდენობრივად ჩვენი ხმები არ სჭირდებოდათ, რომ დავხმარებოდით, თორემ რაოდენობრივი პრობლემა რომ ყოფილიყო, შეიძლება, დავხმარებოდით კიდეც, რადგან ლაპარაკზე ჩვენ არასდროს უარი არ გვითქვამს. მეორე მხრივ, ასევე არ მგონია მაინც და მაინც სწორი, როგორც იგეგმება თვითონ ეს სესია. მაგალითად, სამუშაო შეხვედრებზე, რაზეც ჩემთვის სრულიად გაუგებრად ჩვენმა კოლეგებმა თქვეს უარი, უნდა განხილულიყო იგივე საკითხები, რომლებიც ახლა პრეზიდენტთან მიმართვის დროს, რიგგარეშე სესიის მოწვევის მიზეზად დაასახელეს და იქ არ მონაწილეობდნენ. ამავე დროს, რიგგარეშე სესიის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება შევთანხმდეთ, როგორ გავატარებთ 6-თვიან პერიოდს. შევთანხმდეთ მთავარ საკითხებზე და ა.შ. ჩემი აზრით, ასეთი სესიის მოწვევა შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც მართლა გაქვს  წინასწარ შავი სამუშაო შესრულებული, დაახლოებით იცი პოზიციები და გინდა, რაღაცნაირად შეთანხმებას ფორმა მისცე სესიის  დროს. ასეთ შემთხვევაში ეს იქნებოდა ძალიან კარგი შესაძლებლობა. მაგრამ იმ დაპირისპირების ფონზე – უნდა დაინიშნოს თუ არა ეს სესია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შეიძლება, ამ სესიის განმავლობაში მხარეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგეს? ასეთი დანიშნული სესიის პირობებში ძალიან რთულია ეს ამბავი. მე ზოგადად სესიის წინააღმდეგი არ ვარ. ამავე დროს, მათ ჯეროვანი პატივისცემა არ გამოიჩინეს ჩვენ მიმართ. ანუ, იმისთვის, რომ სინამდვილეში გინდოდეს ასეთი რაღაცის გაკეთება, როგორც მინიმუმ, უნდა აუხსნა შენს კოლეგებს, მაგალითად, ჩვენ უნდა აგვიხსნა, რატომ არის ერთნაირი მნიშვნელობის საკითხი მაგალითად, ანტიკორუფციულ თემაზე და კონსტიტუციურ ცვლილებებზე საუბარი. კონსტიტუციური ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი და ამ საკითხებზე არასდროს გვილაპარაკია. მე ტექნიკურადაც არ მომწონს ასეთი დამოკიდებულებით სესიის მოწვევა. ჩემი აზრით, არასწორია ზოგადად ოპოზიციას შორის ურთიერთობა და მათი კომუნიკაციის ხარისხი იმსახურებს, რომ გაუმჯობესდეს, უფრო კოორდინირებული ვიყოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ფორმატით პარლამენტში დაწყებულ შეხვედრებს, მეგრელიშვილის თქმით, პირველი არასწორი ნაბიჯი გადადგმული იყო ოპოზიციის მხრიდან, როდესაც უარი თქვა საუბარზე, ანუ ევროპელების მთავარ რეკომენდაციაზე, ამავდროულად, „ქართული ოცნებაც“ არ აპირებს დეპოლარიზაციას.

„ნაწილობრივ არის საკითხები, რომლებსაც ტექნიკური შესრულება სჭირდება და იქ შეიძლება, განსაკუთრებული სამსჯელო ბევრი არაფერი იყოს, არის რაღაცა ტექნიკური საკითხი, მიღებულია რეკომენდაცია და შენ რაღაც კანონი უნდა მიიღო, კიბატონო. მაგრამ იმისთვის, რომ ეს პროცესი ჩვენ მართლა დაგვიფასდეს, გვაქვს გადასაწყვეტი მთავარი საკითხები, როგორ ვმუშაობთ პროკურატურის არჩევაზე, სასამართლოს თუ ა.შ. დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხების გადაწყვეტა – ანუ, დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთვის გასაგები იყოს, რომ ამ პროცესის შედეგად ეს მოხდება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ხომ აზრი არ ექნება. ჩემი აზრით, პირველი არასწორი ნაბიჯი გადადგმული იყო ოპოზიციის მხრიდან, როდესაც უარი თქვა ლაპარაკზე, ანუ მთავარ რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ ევროპელებისგან. შემდეგი ამბავი არის, რომ „ქართული ოცნებაც“ ხომ არ აპირებს დეპოლარიზაციის, ამ დაპირისპირების დამთავრებას და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს დაპირისპირება არ დამთავრდეს. ამაში ეხმარება ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემი აზრით, ყველას ამოცანაა, ამ დაპირისპირების მიუხედავად, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ რამენაირად ეს დრო, ევროპელების მხარდაჭერა, ქართველი ხალხის მუხტი, თუ ენერგია და სურვილი, ევროპისკენ ინტეგრაციის გზაზე წავიდეს ქვეყანა, უნდა დავიხმაროთ, რათა დავამთავროთ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის ომი, როდესაც მოწინააღმდეგს აცხადებ არა პოლიტიკურ მოწინააღმდეგედ, არამედ ქვეყნის მტრად, მეხუთე კოლონად და ა.შ.“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.