ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენაა, რომ გვყავს ბელადი, რომელმაც ჩვენ ნაცვლად ყველაფერი იცის, უნდა გადავარჩინოთ და შემდეგ მოგვხედავს, ასე არ მოსულა
ვახტანგ მეგრელიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენაა, რომ გვყავს ბელადი, რომელმაც ჩვენ ნაცვლად ყველაფერი იცის, უნდა გადავარჩინოთ და შემდეგ მოგვხედავს, ასე არ მოსულა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, აქციის გამართვა ძალიან კარგია, როცა აზრი გაქვს.

„მინდა, „თავდაცვის კოდექსზე“  წვევამდელებს და მათ ოჯახებს ვთხოვო, რომ აქცია ჩავატაროთ. აქციას ჩავატარებთ კონკრეტული მოთხოვნით, შინაარსით, რაზეც ნამუშევარი გვექნება და ჩვენს ამომრჩევლებს ჩვენი პოზიცია ექნებათ, რა გვინდა და რას ვითხოვთ. ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ მოახერხა, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. შესაბამისად, მათი წარმოდგენაა, რომ ჩვენ აზრზე არ ვართ, მაგრამ გვყავს ბელადი, რომელმაც ჩვენ ნაცვლად ყველაფერი იცის; ამიტომ ბელადი უნდა გადავარჩინოთ და ბელადი შემდეგ მოგვხედავსო. ასე არ მოსულა, ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის უცნაური აქტივიზმი, რითი დაკავებული ადამიანებიც პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავს. გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ.