ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არავინ ჰკითხავს, ვის დაიჭერენ და არ დაიჭერენ ამ ქვეყანაში
ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არავინ ჰკითხავს, ვის დაიჭერენ და არ დაიჭერენ ამ ქვეყანაში

მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არავინ ჰკითხავს, ვის დაიჭერენ და არ დაიჭერენ ამ ქვეყანაში, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს მიმართა: „ყველას, ვინც გამოვა და მოყვება, როგორ ხდებოდა გაყალბება, მოგეცემათ არა მხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტიები, არამედ ყველანაირად წახალისდებით“.

მეგრელიშვილის თქმით, ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩთან“ ერთად მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მას არ ექნება პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მათი  პარტიის ლიდერმა საკუთარი პარტიის შეთანხმება უნდა გაითვალისწინოს და მსგავსი განცხადებები არ გააკეთოს.

„მე გავაკეთებ კომენტარს სხვა რაღაცაზე. მიხეილ სააკაშვილის ნეიტრალიზაციის გეგმა ჰქონდა გაკეთებული ფაქტობრივად „გირჩს“, მას შემდეგ, რაც ოპოზიციურ პარტიებს შეუთანხმდა წინასაარჩევნო პერიოდში, ეს იყო სასამართლოს შესახებ შეთანხმება.

მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არავინ ჰკითხავს, ვის დაიჭერენ და არ დაიჭერენ ამ ქვეყანაში. თუ ის მურუსიძე დარჩება, რომელიც დღეს არის და ფაქტობრივად, ვინც აღმოჩნდება მთავარ სავარძელში, ისე გადაწყვეტს, ვინ უნდა დაიჭიროს და ვინ არ უნდა დაიჭიროს. და ჩვენ ყველანი ვართ ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მურუსიძეს აქვს მორალური უფლება დაიჭიროს ჟვანია, მაგალითად. შესაბამისად, ვიდრე ამ ქვეყანაში არ იქნება სასამართლო, არ იქნება ანგარიშსწორება. ასეთი ტიპის განცხადებები საქართველოს სასამართლოს პირობებში, არის პოლიტიკური ანგარიშსწორების წინასწარ დაპირება საკუთარი ამომრჩევლისთვის, რაც არის ძალიან შემზარავი ამბავი.

ზოგადად მგონია, რომ ვინაიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩთან“ ერთად მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, მას არ ექნება პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მგონია, რომ პარტიის ლიდერმა საკუთარი პარტიის შეთანხმება უნდა გაითვალისწინოს და მსგავსი განცხადებები არ გააკეთოს. მაგრამ მე როგორც ვხვდები, მიხეილ სააკაშვილმა არ თქვა, რომ ამ ანგარიშსწორებას მოვახდენო“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.