ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო
ვახტანგ მეგრელიშვილი - მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო

„გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის მოსაზრებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა იჩქარონ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა, არამედ უნდა ჩამოყალიბდნენ იმ საარჩევნო იდეაზე, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნებზე გავლენ.

მეგრელიშვილის თქმით, უნდა დაკონკრეტდეს, რას ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი პოლიტიკაზე, როგორია მისი შეხედულებები და განსხვავდება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პოლიტიკისგან.

„მაგალითად, გუშინ ვნახე მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, სადაც ფაქტობრივად, ადამიანების დაჭერით იმუქრება და უკრაინაში გენერლის მაგალითზე ამბობს, რომ საქართველოშიც ეს ამბავი მოხდებაო. ეს ნიშნავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეა და მისი ლიდერის აზრია ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და წესრიგი დაამყაროს – ვიღაც დაიჭიროს და ა.შ. ორ პარტიას შორის არსებული დაპირისპირება არავის აძლევს საშუალებას, რაიმე იდეაზე ილაპარაკონ. საქართველოს ეროვნული ბანკის 2 მილიარდ ლარზე ვლაპარაკობდით და სხდომათა დარბაზში არც ერთი ოპოზიციონერი არ იყო. ეს ხალხი იმისთვის იბრძვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს და იგივე სასამართლო ხელში ჩაიგდოს, რომელზეც დღეს ვამბობთ, რომ დამოუკიდებელი არაა. თუ დღეს სასამართლო „ქართული ოცნების“ მორჩილებაში გამოიხატება, ხვალ შეიძლება, გამოიხატებოდეს სხვა პარტიის მორჩილებაში და ფიზიკურად არ გვაქვს შესაძლებლობა, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს ინსტიტუციონალურად შეიცვალოს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.