ვახტანგ მეგრელიშვილი - კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს, ჩვენი ქცევა ერთადერთი ნორმალური საქციელია
ვახტანგ მეგრელიშვილი - კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს, ჩვენი ქცევა ერთადერთი ნორმალური საქციელია

ოქრიაშვილი ამბობს, რომ ჩვენ ვვაჭრობთ. კი, ჩვენ ღიად ვვაჭრობთ. გვგონია, რომ პოლიტიკა არის ღია მოლაპარაკება, რაც თავისი შინაარსით ფაქტობრივად ვაჭრობაა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებას, სადაც ოქრიაშვილი ამბობს: „გირჩი“ და ელისაშვილის პარტია „ოცნების“ ისეთივე ნაწილები არიან, როგორც „ყაველაშვილის ტრიო“.

მეგრელიშვილის თქმით, ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ არ ესმის, რას ლაპარაკობს.

„ამავე დროს კახა ოქრიაშვილისგან ძალიან უცნაურია, „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“, ახლა უკან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადასვლა. გამოდის, რომ ერთადერთი გზა პოლიტიკაში ყოფნის ომია, ბრძოლაა. ჩვენ პოლიტიკას ასე საერთოდ არ აღვიქვამთ. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, საჯაროდ ვაკეთებთ. ზოგადად, მაინტერესებს, რას ნიშნავს „ქოცობა“ და მიყიდვა. თუ რამე ფული მაქვს ასაღები, მინდა, რომ ავიღო, რადგან არ აგვიღია. თუ ეს რამე ღირს და რამეს ნიშნავს, დაასახელოს, რას ნიშნავს. თვითონ ხომ იყო „ქართულ ოცნებაში“, ეს როგორ გამოვიდა ან უკან როცა ბრუნდებიან, მაშინ რა ხდება. ჩვენ მართლა თუ მოვახერხეთ და ის, რასაც კახა ოქრიაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებები გამოგვივიდა, ამაზე მნიშვნელოვანი რამის გაკეთება მეათე მოწვევის პარლამენტში ფიზიკურად შეუძლებელია. კახა ოქრიაშვილი იმდენად ბრიყვია, რომ იმასაც კი ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს. სინამდვილეში, ასე ქცევა, როგორც ჩვენ ვიქცევით, ერთადერთი ნორმალური საქციელია. ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საერთოდ არ ესმის. ქართული პოლიტიკური სპექტრი ახლა ხელჩართულ ომშია ერთმანეთთან და ნებისმიერი საუბარი მას ეჩვენება, როგორც ღალატი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კითხვაზე, ოქრიაშვილი ამბობს, „გირჩი“ „ოცნების“ ნაწილია, რას უპასუხებთ ამას, ვახტანგ მეგრელიშვილმა ასე უპასუხა:

„ვაიმე, ძალიან მინდა, რომ ზოგადად, ხელისუფლების ნაწილი ვიყო. მთელი ჩემი ამოცანაა, რომ ხელისუფლების ნაწილი ვიყო, ეს მოგვცემს იმის გაკეთების საშუალებას, რაც გვინდა. უბრალოდ ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.