ვახტანგ მეგრელიშვილი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსებს ექნებათ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა
ვახტანგ მეგრელიშვილი - მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსებს ექნებათ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა

ისე არ არის, რომ ოპოზიციას პარლამენტში შესვლა არ უნდა, უბრალოდ შექმნილია სიტუაცია, როდესაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტში აუცილებელია „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლა.

მეგრელიშვილმა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, შექმნას ისეთი პირობები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა მოუნდეს.

„ჩვენ პირველად ვართ სიტუაციაში, როდესაც გვიწევს გადაწყვეტილების მიღება და გვირჩევნია, საკუთარი სინდისი სუფთად შევინახოთ, ვიდრე ნებისმიერ ისეთ პროცესში შევიდეთ, სადაც არ გვესმის, როგორია იქიდან გამოსავალი. დღევანდელი მოცემულობით, ჯერჯერობით პარლამენტი ერთპარტიულია. თუ იქ იქნება „ქართული ოცნება“ და ვთქვათ, „გირჩის“ მსგავსი პარტია, ის პარლამენტი ვერ იქნება. ჩვენ იქ აუცილებლად გვჭირდება „ნაციონალური მოძრაობა“.

მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ ისეთი კლიმატი შექმნას, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკოსებს ექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთონ პროცესში და თვითონვე უნდოდეთ პარლამენტში შესვლა. ანუ ისე არ არის სიტუაცია, რომ პარლამენტში შესვლა არ უნდათ, კარგად ვიცნობ ჩემს კოლეგებს, უბრალოდ შექმნილია სიტუაცია, სადაც პარლამენტში შესვლა სირცხვილია, უბრალოდ სირცხვილია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.