ვახტანგ მეგრელიშვილი - ირაკლი კობახიძე საკუთარ ამომრჩეველს ეკეკლუცება, ნერვებს უშლის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით ბოლო შანსს იყენებს, „ნაცები“ ააგდოს, სისულელე ჩაადენინოს და ქუჩაში დატოვოს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ირაკლი კობახიძე საკუთარ ამომრჩეველს ეკეკლუცება, ნერვებს უშლის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით ბოლო შანსს იყენებს, „ნაცები“ ააგდოს, სისულელე ჩაადენინოს და ქუჩაში დატოვოს

კოლეგებო ენმ-დან, თქვენი ქუჩაში დატოვება არის ირაკლი კობახიძის ოცნება, დააიგნორეთ და შემოდით პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მეგრელიშვილი ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უახლოეს დღეებში მოუწევს პარლამენტში შესვლა, რაც მათ სისუსტესა და მარცხს ნიშნავს.

„შეესაბამება ეს განცხადება მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას?!

საკუთარ ამომრჩეველს ეკეკლუცება, პარალელურად ნერვებს უშლის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამით ბოლო შანსს იყენებს, ნაცები ააგდოს, რამე სისულელე ჩაადენინოს და ქუჩაში დატოვოს.

ბატონი ირაკლი, ბოლო ექვსთვიანი კრიზისის განმავლობაში ეხმარებოდა რადიკალებს ენმ-ში საკუთარი განცხადებებით, რომლებიც თითქმის პოლიტიკური რეპრესიების დაანონსებად აღიქმებოდა.

ასე რომ, კოლეგებო ენმ-დან, თქვენი ქუჩაში დატოვება არის მისი ოცნება (არ გამორიცხოთ თქვენს შორისაც ჰყავდეს მას მოკავშირეები), სპეციალურად აკეთებს, დააიგნორეთ და შემოდით პარლამენტში“, – წერს ვახტანგ მეგრელიშვილი „ფეისბუქზე“.