ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციას ყველაზე მეტად აინტერესებს, „გირჩი“ რატომ არ წერს განცხადებებს, მე კიდევ ვუმტკიცებ, რომ ეს მეასეხარისხოვანია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გვიდევს მაგიდაზე
ვახტანგ მეგრელიშვილი - ოპოზიციას ყველაზე მეტად აინტერესებს, „გირჩი“ რატომ არ წერს განცხადებებს, მე კიდევ ვუმტკიცებ, რომ ეს მეასეხარისხოვანია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გვიდევს მაგიდაზე

გირჩსა“ და სხვა პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, რამდენად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი და შეიძლება თუ არა მისი გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნული საკითხი საჯარო დისკუსიის საგანი გახდება და ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომელი მხარეა მართალი.

„ოპოზიციას ყველაზე მეტად აინტერესებს, „გირჩი“ რატომ არ წერს განცხადებებს. მე კიდევ ვუმტკიცებ მათ, რომ ეს ძალიან მეასეხარისხოვანია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გვიდევს მაგიდაზე. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობამ საერთოდ არ იცის, რაზე მიდის საუბარი მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ მე წეღან ვთქვი, რომ საჯაროდ უნდა დაიწყოს დისკუსია იმაზე, თუ რაზე ლაპარაკობს „ქართული ოცნება“ მთელ ოპოზიციურ სპექტრთან. ეს არ უნდა იყოს დაფარული. მე მგონი აღარც დაიფარება, რადგან პროცესი იმდენად აქტუალიზებულია და ჟურნალისტებიც ისე ხართ ჩართული ამ პროცესში, რომ ყველაფერს გეტყვით თანდათან.

მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს ორი თემა რაშიც არ არის თანხვედრა „გირჩსა“ და სხვა პარტიებს შორის. მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ სამი მოთხოვნაა: პოლიტპატიმრები, რაზეც სრული კონსენსუსია, არის ცესკო, რაზეც ასევე კონსენსუსია და ყველას აკმაყოფილებს და მესამე – უნდა შეიცვალოს თუ არა საარჩევნო სისტემა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი და შეიძლება თუ არა მისი გაცვლა ვადამდელ არჩევნებზე. ამაზე არის განსხვავებული მოსაზრება მაგალითად „გირჩსა“ და სხვა პარტიებს შორის. ვფიქრობ, ეს თემა უნდა გახდეს საჯარო განხილვის საგანი და ამომრჩეველი მიგვახვედრებს, ვინ უფრო მართალია. მე მგონია, რომ საჯაროდ ლაპარაკი სჯობს“, – განაცხადა ვახტანგ მგრელიშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს.

„დღეს ძალიან შინაარსიანად ვისაუბრეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ პოზიციები, რადგან სიტუაციები შეცვლილია. დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს. ძირითადად საუბარი იყო „გირჩსა“ და „გირჩის“ პოზიციაზე ამ შეხვედრაზე. მე ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე დავრჩი და შევეცადე, ყველა კითხვისთვის მეპასუხა. სინამდვილეში ერთმანეთს პოზიციებს ვუზიარებდით ძირითადად, მაგრამ მთავარი, რაც ამ შეხვედრიდან გავიტანე, ის არის რომ პოლიტიკოსები დათანხმდნენ „გირჩის“ „ბაბლში“ შემოვიდნენ და „ზუმში“ დაელაპარაკონ ჩვენს ამომრჩეველს, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.