ვახტანგ მეგრელიშვილი - ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო რომ გამოეცხადებინათ დემარში, უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო
ვახტანგ მეგრელიშვილი - ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო რომ გამოეცხადებინათ დემარში, უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო

ელჩებს დემარში რომ გამოეცხადებინათ პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო, რომელშიც შეიძლება, საქართველოს მთავრობას ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს, მაგრამ არა პირდაპირი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველ არხს მეგრელიშვილმა განუცხადა, არ იცის, ევროპელებმა ეს კონკრეტული თემა რატომ აირჩიეს.

„გასაგებია, რომ ეს არის დაპირისპირება საქართველოს მთავრობის საგარეო კურსთან. ასეთ კონფლიქტამდე მივიდა ვითარება „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე. ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მთავრობას პუტინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მოსთხოვო პასუხი მაშინ, როცა არის ისეთი საკითხები, რაშიც თავად ევროპელები არიან ჩართული და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოსთვის ყველაზე დიდი ბარიერია ინსტიტუტების არქონა. ელჩებს დემარში რომ გამოეცხადებინათ პოლარიზაციისა და სასამართლოს გამო, ეს საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე ფრენების აღდგენის გამო, რომელშიც შეიძლება, საქართველოს მთავრობას ირიბი მონაწილეობა ჰქონდეს ლიცენზიის მიცემის თვალსაზრისით, მაგრამ არა პირდაპირი, რაც ამ პროტესტს ნაკლებ მხარდაჭერას მოუტანს მოსახლეობაში“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.