ვახტანგ მეგრელიშვილი - დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სისულელეა, როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო
პარტია „გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თავის დროზე, ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ისეთ საკითხზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს, თუ ამის საჭიროება დადგებოდა, შინაარსს მისცემდა და ასეთი იყო კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებდა, რომ შემდგომი ნებისმიერი არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით.
ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლება, აზრი ჰქონოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას. ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება სისულელეა.
„კრიზისი როცა დაიწყო, ვამბობდით, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ისეთ საკითხზე, რომელიც შემდგომში, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება თუ დადგებოდა, ამ რიგგარეშე არჩევნებს შინაარსს მისცემდა. ასეთი იყო კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც გაითვალისწინებდა, რომ შემდგომი ნებისმიერი არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული წესით და ბუნებრივი ბარიერით. ამ შემთხვევაში, შეიძლება, აზრი ჰქონოდა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას, მაგრამ დღევანდელი კონსტიტუციით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება რომ სისულელეა, ხომ ყველასთვის გასაგებია? როგორ შეიძლება, ერთწლიანი პარლამენტისთვის ამხელა ენერგია დახარჯო, თან ისე, რომ გაუგებარი იყოს, ეს როგორ დაგვეხმარება მთავარი მიზნის მიღწევაში – 12-პუნქტიანი ვალდებულებების შესრულებაში. „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციისთვის რომ ეთქვა, მოდით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ვაიძულოთ „ქართულ ოცნებას“, რომ შემდეგ ჩავატაროთ წესიერი, ვადამდელი არჩევნები, გავიგებდი, მაგრამ ვადამდელი ჩავატაროთ ისე, რომ უბრალოდ, ქუჩაში გამოვვარდეთ, არეულობა მოვაწყოთ ისე, რომ წინ არ გავიხედოთ, ამას რისთვის ვაკეთებთ და ვინ ვართ საერთოდ ისინი, ვინც ამ ყველაფერს ვაკეთებთ, ვინც ქუჩაში უნდა გამოვიდეს, ხელისუფლება უნდა შეცვალოს. ვინ ჯანდაბაა ეს ხალხი, ჯერ ხომ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან, რა უნდათ, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას. ორივე მხარის ინტერესებშია ეს თამაში, რომ ასე სულელურად მოვდიოდე და არ ვიცოდე არანაირი რაციონალური არგუმენტი, რაზე ვაკეთებ კომენტარს საერთოდ. ჩემი აზრით, ამ ხალხს პარტნიორები არ ჰყავთ, მათ ჰყავთ მონები, ვინც დაემორჩილებიან. რას ნიშნავს პოლიტიკაში პარტნიორობა, ამაზე, სამწუხაროდ, წარმოდგენაც კი არ აქვთ საქართველოში. მონები არიან ისინი, ვინც ნებისმიერ სულელურ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ, მსჯელობის გარეშე ეთანხმებიან და მიჰყვებიან“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.