ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენთან კითხვა „გირჩიდან“ წასვლაზე უადგილოა, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ, იქ იქნება „გირჩი“
ვახტანგ მეგრელიშვილი - ჩვენთან კითხვა „გირჩიდან“ წასვლაზე უადგილოა, სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ, იქ იქნება „გირჩი“

გოგა ხაჩიძე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მას სრული უფლება აქვს, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე ნერვიულობდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მეგრელიშვილმა კომენტარი გააკეთა პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „გირჩის“ ყოფილი წევრის, გოგა ხაჩიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ვინც არ ეთანხმება“.

„გოგა საბჭოს წევრია და აქედან გამომდინარე, მისი აზრი საინტერესოა, მაგრამ პარტიის საქმიანობაში დიდი ხანია არ ერევა, წლებია. გამიკვირდა კიდეც, რომ გოგა ხაჩიძე აქ დავინახე, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბევრი რამე არსებობს, რაც მე არ ვიცი. ალბათ, ერთად უნდა გავარკვიოთ. ნეგატიური რაღაცები რაც თქვა ჩემზე, ან იაგოზე, არ ვიზიარებ, იაგო იყო მართალი, იმ ადამიანის დაკავება არ შეიძლებოდა, ვისაც იაგო გამოესარჩლა, რაც არ უნდა ცუდი დამოკიდებულება იყოს საზოგადოებაში იმ სიტყვების მიმართ, რომლის შინაარსიც მათ არ ესმით. არ შეიძლება, გირჩის პოლიტიკოსს განსხვავებული პოზიცია ჰქონდეს, რაზეც იაგომ თავისი პოზიცია დააფიქსირა. არ მჯერა, რომ ჯაფარიძესთან კონფლიქტი ამ თემას შეეხება და მას შინაარსზე პრობლემა ჰქონდა. გოგა ხაჩიძემაც ახსენა, რომ შინაარსი არაფერ შუაშია, ჩვენ შინაარსის ხალხი ვართ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ამასთან, „გირჩის“ წევრი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძემ განმარტება უნდა გააკეთოს.

„ჩვენთან კითხვა „გირჩიდან“ წასვლაზე უადგილოა. არ ვიცი, ეს რას ნიშნავს, რადგან „გირჩი“ არის ის ცხოვრება, რითაც ვცხოვრობთ. სადაც ჩვენ ვიცხოვრებთ, იქ იქნება „გირჩი“. პარტიული წევრობა ყოველთვის მეორე ხარისხოვანი იყო, მე ვარ ბიბლიური თავისუფლების ეპისკოპოსი და ბევრი სხვა სტატუსი მაქვს. პარტია ვართ ჩვენ. ზურაბ ჯაფარიძემ თავისი განცხადებები არ უნდა განმარტოს? ჩვენ უხერხულ მდგომარეობაში ვართ, რადგან განცხადება გოგამ გააკეთა და ზურას საჯარო გამოჩენას ველოდებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე პარლამენტში არ შევალ. იმაზე საუბარი შეუძლებელია, თუ რა მოხდება. დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩემი ნებისმიერი განცხადება იქნება მოლაპარაკებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი, რაც სისულელეა, რომ გავაკეთო. პალიკო ჩემი მეგობარია, ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო. მან დააარსა „გირჩი“. ჩემთან პალიკო და ზურა მოვიდნენ. მისი პოზიციაა, რომ ამ სიგიჟეს დროზე უნდა მოვრჩეთ, ახლა ამის დრო არ არის, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია ქვეყნისთვის და ბოდიში გვაქვს მოსახდელი იმისთვის, რომ ეს სიგიჟე გავაკეთოთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.