ვახტანგ მეგრელიშვილი - ბოლო ინსტიტუტს, პარლამენტსაც თუ ვანგრევთ და ვაუქმებთ, მაშინ ხომ უნდა ვიცოდეთ, შემდგომში რისი გაკეთება და აშენება გვინდა ქუჩიდან
ვახტანგ მეგრელიშვილი - ბოლო ინსტიტუტს, პარლამენტსაც თუ ვანგრევთ და ვაუქმებთ, მაშინ ხომ უნდა ვიცოდეთ, შემდგომში რისი გაკეთება და აშენება გვინდა ქუჩიდან

თუ ინსტიტუტი არ შეგვიქმნია ამ 30 წელში და ბოლო ინსტიტუტს, პარლამენტსაც ვანგრევთ და ვაუქმებთ პარლამენტს, მაშინ ხომ უნდა ვიცოდეთ, შემდგომში რისი გაკეთება და რისი აშენება გვინდა ქუჩიდან, – ამის შესახებ პარტია გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციაში ბევრად უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები.

„ვფიქრობ სიტუაცია, რომელიც დღეს არის შექმნილი, აქამდე არ იყო. ახლა ბევრად უფრო მკაფიოდ არის გადაწყვეტილებები მისაღები ოპოზიციაში. ადრე თუ რაღაცებზე ვმსჯელობდით, ახლა უფრო გასაგებია. თუ ბოიკოტია, ბოიკოტი უნდა იყოს და რას ნიშნავს ბოიკოტი, უნდა ვთქვათ. თითოეულ პარტიას რა რესურსი და რა წარმოდგენები აქვს ამ ბოიკოტზე, უნდა თქვას, როგორ წარმოუდგენია ქუჩაში ცხოვრება და ქუჩაში თანამშრომლობა, მაშინ, როდესაც ქვეყანა 30 წლის შემდეგ, იმავე წერტილს დაუბრუნდა, სადაც ვიყავით. თუ მართლა ეს გვინდა, თუ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, უნდა გავარკვიოთ. უნდა გადავწყვიტოთ და საჯაროდ ვილაპარაკოთ, როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი კრიზისში, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან და ხელისუფლება არის იზოლაციაში.

ჩემი აზრით, ნებისმიერი ბოიკოტი ნიშნავს, რომ არანაირად არ თანამშრომლობ, მათ შორის ის, რომ დღევანდელი ოპოზიციის წევრები არიან საკრებულოებში, ადგილობრივ დონეზე და ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ, მათ შორის ისიც გასარკვევი იქნება, ეს ხალხი უნდა დარჩეს თუ არა დღევანდელ საკრებულოებში. ჩვენ თუ პარლამენტს ბოიკოტს ვუცხადებთ, სადღაც ღვანკითის საკრებულოში, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ თანამშრომლობენ, მაინტერესებს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში „არის ქვის სროლა“, რისი მომხრეც თავად არ არის.

„გირჩი“ არის პარტია, რომელიც ქუჩაში იყო და აღარ გვინდოდა ქუჩაში. ბოლო ფორმალური ინსტიტუტი იყო დარჩენილი, სადაც ლაპარაკი შეიძლებოდა და ეს იყო პარლამენტი. თუ აღარც სასამართლო გვყავს ქვეყანაში, არაფერი ინსტიტუტი არ შეგვიქმნია ამ 30 წელში და ბოლო ინსტიტუტს, პარლამენტსაც ვანგრევთ და ვაუქმებთ პარლამენტს, მაშინ ხომ უნდა ვიცოდეთ, შემდგომში რისი გაკეთება და რისი აშენება გვინდა ქუჩიდან. ჯერ არავინ დაგვლაპარაკებია ოპოზიციიდან, რას აპირებენ და რა უნდათ და როგორ უნდათ. ამისთვის ვარ მოსული. ძალიან შორსმიმავალი გეგმები, ვიღაცებმა რომ დააწყვეს, ეგრე არ არის. მოლაპარაკებებს არასოდეს არ აქვს ალტერნატივა. მოლაპარაკების ალტერნატივა, საბოლოო ჯამში არის ქვის სროლა და ქვის სროლის მომხრე არასოდეს არ ვიქნები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.