ვახტანგ მეგრელიშვილი - არ წარმომიდგენია და არ ვუშვებ, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი პესიმისტურად დასრულდეს
არ ვუშვებ, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცესი რაღაცნაირად, პესიმისტურად დასრულდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, მართალი გითხრათ, არ წარმომიდგენია და არ ვუშვებ, რომ ეს პროცესი რაღაცნაირად, პესიმისტურად დასრულდეს. განსაკუთრებით, არ ვუშვებ არა იმდენად საქართველოს და მისი შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამო, არამედ იმის გამო, რომ თვითონ ეს პროცესი სულ სხვა მიზეზით არის წამოწყებული. ეს მიზეზი გახლავთ ომი უკრაინაში და ის კატასტროფა, რაც იქ მიმდინარეობს. შესაბამისად, ვფიქრობ, ევროპის მხრიდან სულ სხვა მესიჯთან იქნება საქმე. არა იმაზე იქნება საუბარი, რომ საქართველოში რაღაც ტექნიკური საკითხები არ არის მოგვარებული, ან შიდა პოლიტიკური პრობლემები გვაქვს, არამედ იმაზე, რომ დასავლეთი რაღაცნაირად, მესიჯს უგზავნის რუსეთს, რომ მისი პოზიცია არის ზედმეტად ფრთხილი, ეს კი ფაქტობრივად, რუსეთისთვის დაახლოებით ისეთი ტიპის მესიჯი იქნება, როგორიც თავის დროზე, 2008 წელს, ნატო-მ გაუგზავნა ჩვენი კანდიდატად არმიღებით. ამიტომ, არ მგონია, დასავლეთმა პოლიტიკურად მეორეჯერ გაიმეოროს იგივე შეცდომა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ასეთ ვითარებაში, გაზრდილი საფრთხის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის სტატუსზე უარის თქმა აღიქმება თუ არა ერთგვარ მინიშნებად, რომ საქართველო, რომლის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და რომელსაც ჩრდილოელ მეზობელთან არაერთი ომი ჰქონდა, ოკუპანტის პირისპირ მარტო დატოვეს, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან მძიმე გზავნილი იქნება.
„მე არ ვიცი, სხვა რა ალტერნატიული ნაბიჯები შეიძლება, გადადგას პარალელურად დასავლეთმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ნამდვილად კატასტროფული გზავნილი იქნება რუსეთისთვისაც და მართალი გითხრათ, ჩვენთვისაც. მე უბრალოდ, მართლა ვერ წარმომიდგენია, როგორ მოხდება ამ ყველაფრის ახსნა მათ შორის, ევროპელი ამომრჩევლისთვის, რომელიც დღეს ფაქტობრივად, არათუ თვალს ადევნებს, არამედ ჩართულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, მილიონობით უკრაინელი ლტოლვილი ჰყავთ და ა.შ.“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია, თუნდაც ასეთი ისტორიული გადაწყვეტილების წინ გარკვეულ საკითხებზე მაინც მოხდეს შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის და რამდენად მზად არის ამისთვის „გირჩი“, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ პოლარიზაცია ნამდვილად არის ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა, რაც შეიძლება, სამ კვირაში ხელოვნურად ვერ დამთავრდეს და ასეთი პოლარიზაციის პროცესის გამო შეუძლებელია, პოლიტიკური სპექტრი მოსალოდნელი კატაკლიზმებისთვის ადეკვატურად მოემზადოს.
„და რა უნდა იყოს ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი მიზანი? – ის, რომ დავასრულოთ ეს პოლარიზაცია, რათა შეძლოთ, გადავიდეთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, თუ მიხეილ სააკაშვილი პირობას დადებს, რომ ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ქართული პოლიტიკიდან წასვლის სანაცვლოდ მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს, რაც დაამთავრებს პოლარიზაციას და მოგვცემს შანსს, ევროპული საზოგადოება გავხდეთ, სადაც ერთმანეთთან საუბარი შესაძლებელი იქნება.