ვახტანგ მეგრელიშვილი - ამდენი წელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დეზორგანიზებული მდგომარეობაა, კაცმა არ იცის, ვინ ვისი უფროსია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რომ ეს კათარზისისთვის გამოიყენონ
ვახტანგ მეგრელიშვილი - ამდენი წელია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დეზორგანიზებული მდგომარეობაა, კაცმა არ იცის, ვინ ვისი უფროსია, ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რომ ეს კათარზისისთვის გამოიყენონ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიზისი დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასა და ამ პარტიაში მისი როლის ცვლილებასთან.

მეგრელიშვილის თქმით, სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტა და პარტიის რეფორმა ერთმანეთთან გადაჯაჭვული საკითხია.

„პარტიაში იწყება თვითგამორკვევის პროცესი, რადგან თავის დროზე არავინ დაიჯერა მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ქართული პოლიტიკიდან მიდის. ეს ყველაში ეჭვს იწვევს მისი წარსული მოქმედებებიდან გამომდინარე, მაგრამ მისი მდგომარეობა, რაზეც მისმა შვილმა გულწრფელად განაცხადა, მაფიქრებინებს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან ბევრად უფრო მკაფიო განცხადება იქნება, რომ მას ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს. ის თუ ამას გააკეთებს, პარტიაში სრულიად ახალი პროცესი უნდა დაიწყოს და გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კარგსა და ცუდზე ღია ლაპარაკი უნდა დაიწყონ. მედიაში ჯერ არავინ არაფერს ამბობს. მელია და პარტიის სხვა ლიდერები საათობით ლაპარაკობენ, რომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხონ. ვიდრე ეს ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი პროცესიდან ბოლომდე ჯერ არ არის გასული ან მათ არ აქვთ ამის აღქმა, ამიტომ ეს მდგომარეობა უცნაურ ფორმას იღებს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ვიდრე სააკაშვილის ოჯახის წევრები, ადვოკატები და თანაპარტიელები მის პოზიციებს გაუგებრად აფიქსირებენ, ზიანდება თავად სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი, რაც, მეგრელიშვილის განცხადებით, ერთი წლის მანძილზე ისედაც დაზიანდა.

„სააკაშვილს რაიმეს თქმა უნდოდეს და ეს ვერ მოახერხოს, ამის არ მჯერა და ამის არც არავის სჯერა. ვიღაცას შეუძლია, ეს მდგომარეობა განმუხტოს – სააკაშვილი არის მთავარი პერსონა, ვისაც გადასარევად შეუძლია, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს. ვიდრე მის პოზიციებს ასე გაუგებრად აფიქსირებენ მისი ოჯახის წევრები, ადვოკატები და თანაპარტიელები, რომელიც ერთმანეთთან შესაბამისობაში არ მოდის, ამით ზიანდება თავად სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი, რაც ერთი წლის მანძილზე ისედაც დაზიანდა. მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საკუთარი პოზიციის ბევრად უფრო მკაფიოდ გამოხატვა. ვნახავთ, ამაზე რა რეაქცია ექნება სხვადასხვა მხარეს.

წარსულს რომ გადავხედოთ, მელია არც არასდროს ყოფილა რეალური თავმჯდომარე და პარტიული ლიდერი, პარტია ყოველთვის იყო სააკაშვილის და ყველა ის ადამიანი ასრულებდა სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირის ფუნქციას. ამ პარტიაში სწორედ ეს უნდა დაირღვეს – პარტიაში ვიღაცები იყვნენ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები სხვადასხვა თანამდებობაზე. აქამდე წარმომადგენელს ელაპარაკებოდი. ამდენი წლის განმავლობაში პარტიაში არის დეზორგანიზებული მდგომარეობა, როცა კაცმა არ იცის, ვინ ვისი უფროსია, ვის აქვს ავტორიტეტი და ა.შ. ეს რომ დალაგდეს, პარტია ამიტომ უნდა გაიხსნას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არჩევნები, რომ ეს საკუთარი თავის კათარზისისთვის გამოიყენონ. როგორც ჩვენ ვაკეთებთ 90-იანი წლების „საქართველოს დაბადების“ ისტორიას, ასეა გასაკეთებელი 2000-იანი წლების ისტორია და ეს ვინ უნდა მოყვეს უკეთესად, თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეებმა? ჩვენ ხომ იმ პერიოდის გადააზრება გვჭირდება იმისთვის, რომ ნაბიჯი წინ გადავდგათ? ამ პარტიაში ეს პროცესი უნდა დაიწყოს. რაღაც სახეებსა და ისევ სპექტაკლზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, არამედ საუბარი უნდა იყოს, ვინ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი, ვისაც გააზრებული აქვს, რა იყო იმ ცხრა წლის განმავლობაში ფუნდამენტურად ღირებული და გაკეთებული და რა იყო კატასტროფული, რისი კეთებაც არ შეიძლება. ვისაც ამაში მონაწილეობა აქვს მიღებული და ამას გულწრფელად აღიარებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი დავიწყოთ იმაზე, რომ ამ პარტიაში მართლა ცვლილებები ხორციელდება. ამას თუ გააკეთებს ვანო მერაბიშვილი, მაშინ იქნება ამ პარტიის ლიდერი. არავის შეუძლია ამის გაკეთება ვანო მერაბიშვილზე უკეთესად, ვიდრე თავად მას. როგორ უნდა გითხრათ, მერაბიშვილი არ უნდა იყოს პარტიის ლიდერი, შეიძლება უნდა იყოს, მაგრამ ღიად. ძალიან ცუდია, მინისტრი რომ იყო და ღია არ იყო, იქნებ ახლა მოიფიქრა. შვიდი წელი ციხეში იჯდა და რა ვიცი, ციხეში ადამიანებს ბევრი აზრი მოსდით“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.