ვახტანგ მეგრელიშვილი - ალეკო ელისაშვილზე ხელის შეწმენდის მცდელობა იყო, რომ აი, პირველი დამნაშავე და მოღალატე იპოვეს
ვახტანგ მეგრელიშვილი - ალეკო ელისაშვილზე ხელის შეწმენდის მცდელობა იყო, რომ აი, პირველი დამნაშავე და მოღალატე იპოვეს

ალეკო ელისაშვილზე ხელის შეწმენდის მცდელობა იყო, რომ აი, პირველი დამნაშავე და მოღალატე იპოვეს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ოპოზიციის შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილს მოლაპარაკებებზე აქამდეც ჰქონდა ნათქვამი, რომ საარჩევნო სისტემა მისთვის მნიშვნელოვანი საკითხი იყო.

ამასთან, მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ ზოგიერთი პარტიისთვის მოლაპარაკების კონსტრუქციულად დასრულება მისაღებია და ამაში ერთმანეთის დადანაშაულების დრო არ არის.

„პრობლემაა არა ალეკო ელისაშვილის განცხადება, არამედ ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მოლაპარაკება რომ მიმდინარეობს და ინფორმაცია არ არის გასაჯაროებული, არადა უზარმაზარი ინტერესია. როდესაც გამოდის ადამიანი და რაღაცას ამბობს, უცბათ მოულოდნელია მისი პოზიცია საზოგადოებისთვის, რადგან არ არის ინფორმირებული, რა თემებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და შეიძლება, სკანდალის საფუძველი გახდეს. რასაც ალეკო ელისაშვილი ამბობს, ერთ-ერთი კომპონენტია, რომელშიც ის იყო დაინტერესებული მოლაპარაკებების დროს. ეს ყველამ იცოდა. „გირჩისთვის“ საარჩევნო სისტემა არის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და არასწორია, როდესაც ასეთ დაძაბულ ვითარებაში, საკუთარ პარტნიორს, საკუთარ კოლეგას თავს ესხმის ყველა, უნდათ, შეაწმინდონ ხელი. მე მგონია, რომ ეს პროცესი არის ქართული პოლიტიკური კულტურისთვის დაბალი დონის მანიშნებელი. ხელის შეწმენდის მცდელობა იყო ალეკოზე, რომ აი პირველი დამნაშავე, პირველი ვიღაც მოღალატე იპოვეს.

რასაც ამბობდა ჩვენთან მანამდეც, იგივე გააჟღერა ხმამაღლა. მას რომ ჰქონოდა შესაძლებლობა, იგივე რაღაც სამი ან ორი კვირის წინ ეთქვა და თავისი პოზიცია დაესაბუთებინა, შეიძლება რეაქცია ნაკლებად მწვავე ყოფილიყო.

ზოგიერთ პარტიას აწყობს მოლაპარაკების ისეთი შედეგით დასრულება, როგორიც მაგალითად, ალეკოს, ანუ კონსტრუქციულად. შეიძლება, ვიღაცას არ აწყობდა და ამაში ერთმანეთის დადანაშაულების დრო არ იყო“, –  განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

შეგახსენებთ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თუ წარმატებით დასრულდება, პარლამენტში შევა.

„ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები. თუ ეს დოკუმენტები და გარანტია მეჭირება ხელში, შევალ პარლამენტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.