ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანებს ვაჯგუფებთ, ვქმნით ბიუროკრატიას, რომელიც ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება
ვახტანგ მეგრელიშვილი - ადამიანებს ვაჯგუფებთ, ვქმნით ბიუროკრატიას, რომელიც ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება

ადამიანებს ვუყურებთ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებად და ვიქმნით ​მათზე წარმოდგენას, ამ პრობლემას იდენტობის პოლიტიკა ჰქვია და ნიშნავს ადამიანების დაჯგუფებას ქალებად, ბავშვებად, ღარიბებად, შეძლებულებად და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იდენტობის პოლიტიკა ნიშნავს ადამიანთა დაჯგუფებას, რათა სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება.

„ადამიანის სიცოცხლის უფლება რას ნიშნავს, რომ არავის აქვს ჩემი მოკვლის უფლება, ადამიანის თავისუფლება ნიშნავს, რომ არავის აქვს უფლება ჩემი დატყვევების, საკუთრების უფლება ნიშნავს, რომ ჩემს სახლში ვერავინ შემოვა ჩემი ნებართვის გარეშე და ვერ იცხოვრებს. როდის იწყება პრობლემა, როდესაც ჩვენ ადამიანებს ვუყურებთ ჯგუფებად. კვოტის თემა ხომ იგივე თემაა, ჩვენ ადამიანებს ვუყურებთ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებად და აქედან ვიქმნით წარმოდგენას მათზე. ჩვენს პარლამენტში შეიძლება, ეს არ თქმულა, მაგრამ ამ პრობლემას იდენტობის პოლიტიკა ჰქვია და ძალიან დიდი პრობლემაა დასავლეთ სამყაროსთვის. იდენტობის პოლიტიკა ნიშნავს ადამიანების დაჯგუფებას ქალებად, ლგბტ თემის წარმომადგენლებად, ბავშვებად, რელიგიურ და ეთნიკურ ჯგუფებად, ღარიბებად და შეძლებულებად, რისთვის, რათა სახელმწიფომ მათი უფლებები გამოიგონოს და შექმნას ბიუროკრატია, რომელიც ამ ჯგუფებს მათი უფლებების შესაბამისი საჩუქრების დარიგებაში დაეხმარება. თითქოს სოციალური მდგომარეობა, ანუ მარტივად რომ გითხრათ, გაჭირვება იყოს რაიმე უფლების წარმოშობის უფლება“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა პარლამენტში „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ შესახებაც ისაუბრა.

„ბავშვთა უფლებები რას ნიშნავს. წინა მოწვევის ამ პარლამენტმა მიიღო „ბავშვთა უფლებათა კოდექსი“, რომელიც თითქმის ერთპარტიული იყო. მარტო „ევროპული საქართველოს“ ერთი წარმომადგენელი უჭერდა მხარს. წინააღმდეგი არავინ იყო, გარდა საპატრიარქოსი. მაგალითად, რა არის ამ ბავშვთა უფლებების კოდექსში, რაც მაწუხებს. წერია, რომ აკრძალულია ბავშვის, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის გარეშე ყოფნა ინტერნეტსალონში ან კაფეში 22:00 საათის შემდეგ. ანუ იაგო და სანდრო ჩემს შვილებს ვერ წაიყვანენ ვერც ინტერნეტსალონში, ვერც კინოში და ამისთვის 1 000-ლარიან ჯარიმას გამოუწერენ.

ამ ქვეყანაში უფრო მეტია ოჯახი, ვისაც ბავშვის აყვანა და გაზრდა უნდა, ხოლო სახელმწიფო შუაში დგას იმ ადამიანებს შორის, ვინც ვერ უვლის შვილებს და ვისაც უნდა ამ ბავშვების აყვანა. ეს არის პრობლემა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.