ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან წყვეტს „გირჩის“ შიდა კონფლიქტზე მედიასთან საუბარს
ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან წყვეტს „გირჩის“ შიდა კონფლიქტზე მედიასთან საუბარს

„გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან ის წყვეტს პარტიის შიდა კონფლიქტზე მედიასთან საუბარს.

მისივე თქმით, განხილვები მხოლოდ „გირჩის“ მხარდამჭერებთან ერთად გაგრძელდება.

„ზურასთან მხოლოდ საჯარო კომუნიკაცია გვქონდა. დღეიდან საერთოდ მედიასთან „გირჩის“ შიდა კონფლიქტზე საუბრები ჩვენი მხრიდან შეწყდება. „გირჩი“ შიდა კონფლიქტის განხილვას გააგრძელებს მხოლოდ თავის შიდა წრეში, შიდა ვირტუალურ ჯგუფებში. როგორც კი ჩამოვყალიბდებით, თქვენ ყველაფერს გაიგებთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ამასთან, მეგრელიშვილმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ვის დარჩება პარტიის სახელი.

„ე.ი. ვერანაირად ვერ გადმოვეცი, რომ დღეიდან მე კომენტარს მედიასთან შიდა კონფლიქტთან დაკავშირებით არ გავაკეთებ. თქვენ არ იღებთ ჩემს პასუხს როგორც ჩანს“, – აღნიშნა მან.

მედიასთან საუბრისას ის ასევე შეეხო ოპოზიციის მიერ გუშინ ელჩებთან შეხვედრაზე წერილობით წარდგენილ შეთავაზებას. მეგრელიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის წინადადებას „ქართული ოცნება“ სერიოზულად მიიღებს.

„ჩვენ დაახლოებით ერთი კვირა ვმუშაობდით ამ პუნქტების შემუშავებაზე მთელი ოპოზიცია. ძალიან მინდა, რომ ის წინადადება, რომელიც ოპოზიციამ მიიტანა შუამავლებთან, „ქართულმა ოცნებამ“ სერიზოულად მიიღოს და დაბრუნდეს შესაბამისი წინადადებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი კონსტრუქციულ ჩარჩოში დარჩება და მივიღებთ შედეგს, რომელიც იქნება სასარგებლო თქვენთვისაც, მთელი ქვეყნისთვისაც და ორივე მხარისთვის“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სანდრო რაქვიაშვილს ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, პასუხად კი, მიიღო რჩევა, „დაოკებულიყო“. ამასთან ჯაფარიძემ საკუთარ მხარდამჭერებს შესთავაზა, გამოკითხვის საშუალებით მათ გადაწყვიტონ, ვის დარჩება სახელი „გირჩი“ და პარტიის ფეისბუქის გვერდი.