ვახტანგ მახარობლიშვილმა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
ვახტანგ მახარობლიშვილმა საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.

მინისტრის მოადგილემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში ვახტანგ მახარობლიშვილმა ბერძენ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და საბერძნეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.

საგარეო უწყების ცნობით, ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა სფეროში მიმდინარე წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე. ამ მხრივ მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა საბერძნეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს საბერძნეთის უნივერსიტეტებში ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველო ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო, ამიტომ ევროპაში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაცია შეუქცევადია. ჩვენ მადლობას ვუხდით საბერძნეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.