ვახტანგ მახარობლიშვილი - სასიხარულოა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად შეფასდა
ვახტანგ მახარობლიშვილი - სასიხარულოა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები ევროკავშირის მხრიდან წარმატებულად შეფასდა

საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მიმართულებით იმ სტანდარტების გამყარებაა, რომელიც ევროკავშირთან მაქსიმალურად დაგვაახლოებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

როგორც ვახტანგ მახარობლიშვილმა აღნიშნა, საქართველოში განხორციელებული რეფორმები, არაერთ საერთაშორისო ანგარიშში ძალიან პოზიტიურად შეფასდა.

„საქართველო ევროკავშირთანაც აქტიურად თანამშრომლობს. ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებები ჩვენთვის ქვაკუთხედს წარმოადგენს და ის ასოცირების შეთანხმების განუყოფელი ნაწილია. ადამიანის უფლებები დიდ ნაწილს იკავებს იმ პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აქვს”, – განაცხადა მახარობლიშვილმა.

მისივე თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოში გატარებული რეფორმები ევროკავშირის მხრიდან ძალიან წარმატებულად შეფასდა და საქართველო შერჩეულია იმ ქვეყანათა შორის, რომლებმაც თავისი რეფორმები, ცოდნა და გამოცდილება სხვა ქვეყნებს უნდა გაუზიარონ.

„აღნიშნული ინიციატივის პრეზენტაცია სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებშია დაგეგმილია. ეს ერთჯერადი ღონისძიება არ იქნება, არამედ საქართველო თავის გამოცდილებას სხვადასხვა პარტნიორებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაუზიარებს. ჩვენ ევროკავშირთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე ყველა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ევროკავშირის აღიარების ფაქტს ევროინტეგრაციის მიმართულებით დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანის უფლებებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში დიდი ადგილი უკავია“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო მსოფლიოს 15 ქვეყანასთან ერთად ევროკავშირის ახალ ინიციატივაში – Good Human Rights Stories (GHRS) მოხვდა.

ინიციატივა – Good Human Rights Stories (GHRS)  2018 წელს, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ მიღებიდან 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტავროს ლამბრინიდისმა წარადგინა. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის გავრცელებას.

ინიციატივის საფუძველზე, იგეგმება არაფორმალური რეგიონთაშორისი ჯგუფის შექმნა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სამაგალითო და წარმატებული ისტორიების გაზიარება. საქართველოსთან ერთად, რეგიონთაშორისი ჯგუფის წევრებად მიწვეულნი არიან – ნორვეგია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ურუგვაი, ჩილე, ინდონეზია, კორეა და სხვა.

როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს,  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების წარმატების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, აღნიშნულ სიაში შეყვანილი არ არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები.

ინიციატივისა და ჯგუფის ოფიციალური წარდგენა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში დაგეგმილ მაღალი დონის ღონისძიებაზე გაიმართება.